ქალი ვარო, ლეილამ უნდა თქვას, მუსტაფაევამ.
- რას ჰქვია, ჩემი ჟურნალისტი ქმარი დაიჭირეთო და იმდენი ქნა, იმდენი ირბინა აღმა-დაღმა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და კონტრდაზვერვის უფროსი დროებით ჩამოაშორეს დაკავებულ თანამდებობებს.
მართალია, ჯერჯერობით არავინ იცის, ისეთი რა ჟურნალისტია ბატონი აფგანი, ან არის კი, საერთოდ, ჟურნალისტი (მისი თანამემამულე აზერბაიჯანელები ირწმუნებიან, რომ აფგანი ჟურნალისტი კი არა, წერა-კითხვის მცირემცოდნეა), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ქალბატონი ლეილასათვის, მთელი ევროკავშირი, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ფეხზე დაეყენებინა და მისი მეუღლის საქმისთვის საერთაშორისო რეზონანსი მიეცა.
მისი მეუღლეო, კი ვამბობთ, მაგრამ, როგორც ბოროტი ხმები ირწმუნებიან, ლეილა და აფგანი არავითარი მეუღლეები არ არიან - ისინი არიან ერთი, ფაქტობრივად, იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრები, რომლებიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო ლეგენდა თანამეცხედრეობის შესახებ მეტი კონსპირაციულობის და უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.
ამ ეჭვს ისიც აძლიერებს და ამტკიცებს, რომ ქალბატონ ლეილას მთელი ღამის განმავლობაში არ მოუკითხია და არ უძებნია უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული საყვარელი მეუღლე და მხოლოდ დილით აღმოაჩინა, რომ ქმარი გვერდით არ ეწვა.
კითხვაზე, რატომ არ ატეხა მან დაუყოვნებლივ განგაში კოლმეურნეობის მოედნიდან ჭონქაძის ქუჩამდე გზაში აორთქლებული აფგანის მოსაძებნად, ქალბატონმა ლეილამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა - ვიფიქრე, მეგობრებში გაისეირნა და ამიტომ არ დავუწყე ძებნაო.
მეგობრებში ღამღამობით სეირნობა სადაური წესია, ქალბატონო ლეილა?
არ ჰგავხართ თქვენ იმ ადამიანს, ქმარი ღამღამობით მეგობრებში სასეირნოდ გაუშვას და თვითონ მშვიდად იძინოს.
დავუშვათ, ეს ვერსია სწორი არ არის და აფგანი და ლეილა მართლა მეუღლეები არიან.
თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ქალბატონმა ლეილამ შესანიშნავად იცოდა, სად და რა საქმეზე მიდიოდა იმ ღამეს მისი მეუღლე და სწორედ ამიტომ არ დაუწყია მისი ძებნა.
ჩვენ არ ვიცით გამოძიების დეტალები, მაგრამ ქალბატონი ლეილას იმღამინდელი სატელეფონო ზარები რომ ამოვიღოთ, დარწმუნებული ვართ, იმ ღამეს ლეილა მუსტაფაევას არც პოლიციაში დაურეკავს, არც 112-ისთვის შეუტყობინებია რაიმე, არც საავადმყოფოები შეუწუხებია და არც ნაცნობ-მეგობრებისთვის მიუმართავს დახმარების თხოვნით.
თუ სიმართლეა ის, რაც აქ ვთქვით, მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ზღაპარი აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ თავიდან ბოლომდე შეთხზულია და შეთხზულია ერთადერთი მიზნით - როგორმე ახსნა მოუძებნონ ფაქტს, თუ რატომ აღმოჩნდა მუხთარლი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე?!
ის წრეგადასული აჟიოტაჟი, ის ისტერიკული ხასიათის აქციები, რაც აფგან მუხთარლის საქმეს თავიდანვე აჰყვა, გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ძალები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ცდილობენ მუხთარლის საქმიდან ისეთი სკანდალი ააგორონ, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს არა მარტო საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს, არამედ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც, რომელიც აქამდე ხაზგასმულად მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო.
ცხადია, არავინ უარყოფს იმას, რომ აფგან მუხთარლის საქმე დეტალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული, თუმცა ასევე დეტალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული არსებობდა თუ არა და რას საქმიანობდა რაღაც საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეებთან ერთად ქალბატონი ლეილა და აფგან მუხთარლი იყვნენ.
არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ - აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებებს ალიევის და მისი გარემოცვის შესაძლო კორუფციული სქემების გაშიფვრის მიზნით, აქვეყნებდა პუბლიკაციებს იმის შესახებ, რომ ალიევის მმართველობა ეს არის ავტორიტარულ-დიქტატორული ტიპის მმართველობა, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მჭიდროდ თანამშრომლობდა აზერბაიჯანის ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ, მუსავატურ პარტიასთან, რომელიც არ მალავს, რომ ალიევის ხელისუფლება შესაცვლელია და ა. შ.
როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ძალიან სურთ აზერბაიჯანში "არაბული გაზაფხულის" მსგავსი "აზერბაიჯანული გაზაფხული" მოიყვანოს და თანაც ამის გაკეთებას აზერბაიჯანის მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების მეშვეობით აპირებს. როცა ყველაფერი ეს ცნობილია, იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. როგორ იქნება ყოველივე ეს აღქმული და მიღებული აზერბაიჯანის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არანაირად არ შედის.
რა ვქნათ ახლა ჩვენ, ქალბატონი ლეილას, ბატონი აფგანის და საქართველოში სტუმრად და ხიზნად მყოფი ოპოზიციურად განწყობილი სხვა აზერბაიჯანელი ქალბატონების და ბატონების ინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შევწიროთ?
ამ ადამიანებმა თავიანთ სამშობლოში რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ჩვენი სამშობლოს პლაცდარმად გამოყენების უფლება, მათი ზრახვების და მიზნების განსახორციელებლად, არავის არ უნდა მიეცეს.
ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამასწინათ ისიც კი თქვა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ აფგან მუხთარლი საქართველოს გადმოეცეს. ამით ჩვენ ქართული დემოკრატიის შელახულ რეპუტაციას აღვიდგენთ და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში კვლავ დავიბრუნებთ იმ სახელს, რომელიც აქამდე გვქონდაო.
აფგანის გადასარჩენად და ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოსაწმენდად ომიც ხომ არ გამოვუცხადოთ ამ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანს, ჰა?
ზემოთნახსენები იმ ქართველი პოლიტიკოსისა, დიდი ხანია, არაფერი მიკვირს, მაგრამ მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც აფგანს კი იცავენ, მაგრამ იცავენ საკუთარი სამშობლოს იმიჯის შელახვის ფასად და საკუთარ სახელმწიფოს ისეთ დანაშაულში სდებენ ბრალს, რომელიც გამოძიებით ჯერ არ დადგენილა, საერთოდ მოხდა თუ არა?
ძნელი სათქმელია, საიდან გაჩნდა თვითგვემის, თვითდაზიანების მიყენების ასეთი სადო-მაზოხისტური და მანიაკალური სიმპტომები ქართველთა ერთ ნაწილში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ეს ქართველები სხვადასხვა მოტივებით ღიად აშანტაჟებენ საქართველოს და მათ რიგებს ბოლო ხანებში ქალბატონი ლეილაც მიემატა, რომელიც ისეთ მწვავე კრიტიკულ შენიშვნებს და შეფასებებს გამოთქვამს ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, გეგონება, ვიღაცამ ქალბატონი მუსტაფაევა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგის ჩასატარებლად და ზოგადად ჩვენს ზედამხედველად გამოაგზავნაო.
ქალბატონ ლეილას არ მოსწონს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მუშაობა, არ მოსწონს შს მინისტრის მუშაობა, არ მოსწონს უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა და, შესაბამისად, თავის ბრიფინგებზე და აქციებზე ძალიან მკაცრ შეფასებებს აკეთებს ხოლმე.
ვერ გეტყვით, რამდენად დააკმაყოფილა და რამდენად დააცხრო ქალბატონი ლეილას მრისხანება დაკავებული თანამდებობიდან სასაზღვრო დაცვის და კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთა დროებითმა ჩამოშორებამ, თუმცა გვაქვს ეჭვი, რომ ქალბატონი ლეილა ამით არ დაკმაყოფილდება და შეიძლება პრემიერ-მინისტრის, შსს მინისტრის და, ზოგადად, მთელი მთავრობის გადადგომა-გადაყენებაც მოითხოვოს.
როგორ მოვიქცეთ, შევუსრულოთ ქალბატონ ლეილას ყველა ულტიმატუმი?
ჯერჯერობით არავის დაუდგენია, არავის დაუმტკიცებია, არავის მოუპოვებია უტყუარი ფაქტები, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა რაიმე ფორმით რაღაც მონაწილეობა მიიღეს აფგან მუხთარლის დაკავებაში, მაგრამ მაინც საქართველოს ხელისუფლებას უყენებენ ბრალს ისე, რომ საქართველოს ბრალეულობის არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს, სამაგიეროდ, აზერბაიჯანის მხარეს, რომელსაც ცოცხალი სამხილი და ცოცხალი მტკიცებულება, ცოცხალი მუხთარლი, ციხეში ჰყავს გამოკეტილი, არავინ ეკითხება, საიდან აღმოჩნდა ეს პიროვნება თქვენს ციხეშიო.
ადამიანის უფლებათა დამცველი პატივცემულო ორგანიზაციებო, თუ აზერბაიჯანული მხარე იტყვის, ქართველებმა დაგვიგდეს საზღვართან ტომარაჩამოცმული და ნაცემი აფგანიო, მაშინ აგებინეთ საქართველოს პასუხი, მანამდე კი აზერბაიჯანელებს წაუყენეთ თქვენი პრეტენზიები, საქართველოს კი თავი დაანებეთ, სანამ მისი ბრალის დამამტკიცებელ კონკრეტულ ფაქტებს არ მოიძიებთ.
ჩვენ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ პირს, რომელმაც მთელი 30 წელი იმუშავა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სფეროში და რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ სამსახურების ლაბირინთებს.
გთავაზობთ მის კომენტარს უცვლელად!
- კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საქართველოს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო აფგან მუხთარლის გატაცების ოპერაციაში, რადგან, ამ შემთხვევაში, წინასწარვე ნათელი იყო, რომ ქართული მხარის მონაწილეობა ამ საქმეში აუცილებლად გამჟღავნდებოდა.
ხომ ცხადია, რომ აფგან მუხთარლის მოკვლას არავინ აპირებდა. ის ცოცხალი უნდა გადაეცათ აზერბაიჯანული მხარისთვის, ცოცხალი მუხთარლი კი, როგორც ვთქვით, აუცილებლად იტყოდა, როგორ და რა ვითარებაში გაიტაცეს და, რა თქმა უნდა, ხელს ქართველებს დაადებდა.
ეს ძალიან მარტივად და უბრალოდ გასაშიფრი საფრთხე არ შეიძლება წინასწარ არ გაეთვალათ ქართული მხარის წარმომადგენლებს და, გამომდინარე აქედან, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ ოპერაციაში, რადგან იცოდნენ, რომ მათი მონაწილეობა არ დაიმალებოდა.
ყველაზე საეჭვო ამ საქმეში ის არის, რაც ვიღაც-ვიღაცებს მთავარი სამხილი ჰქონიათ.
მხედველობაში მაქვს აფგან მუხთარლის განცხადება, გამტაცებლები ქართულად ლაპარაკობდნენო.
როგორი სულელი და არაპროფესიონალი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს გააკეთოს და დატყვევებულს, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება მის მთავარ ბრალმდებლად იქცეს, მისი იდენტობის ამოსაცნობი ფაქტები ნებაყოფლობით მიართვას?
აფგანის გატაცებაში მონაწილე პირები ქართულად რომ ლაპარაკობდნენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირები მაინცდამაინც ქართველები და მაინცდამაინც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ.
სულაც არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია იყოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული სახელმწიფოს, როგორც რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯის შელახვა და დისკრედიტაციაა. თუ აფგან მუხთარლის გატაცება მართლაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამაში შეიძლება მონაწილეობას იღებდა რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ან რომელიმე კრიმინალური დაჯგუფება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები.
ეს გამორიცხულია, რადგან ასეთი რამ რადიკალურად ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკას.
ამასწინათ ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის ეკრანზე გადიოდა მრავალსერიიანი ამერიკული ფილმი "სამშობლო", რომელიც აშშ-ის, აგრეთვე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობის თემატიკაზე იყო აგებული.
ვიღაც-ვიღაცებს ვურჩევ, ძალიან რომ არიან გაოცებულნი და გაკვირვებულნი, თუ როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანებს იტაცებდნენ, ნახონ ეს მართლაც საინტერესო ფილმი და დარწმუნდნენ, რომ მსგავსი ფაქტები დღესაც მრავლად ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
ასე რომ, ნურავინ ნუ წარმოადგენს საქმეს ისე, თითქოს ეს აღმაშფოთებელი და საგანგაშო ამბავი მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომხდარიყო.
დარწმუნებული ვარ, თუ გამოძიება კვალიფიციურად ჩატარდება, აფგან მუხთარლის საქმეში იმდენი მოულოდნელი დეტალი გამოიკვეთება, რომ თავიდან ბოლომდე დაინგრევა ის ვერსიები, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ.
აი, ასეთი კომენტარი გააკეთა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პიროვნებამ, რომელსაც, როგორც გითხარით, დაზვერვის და კონტრდაზვერვის სფეროში მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს.
ამასობაში კი ლეილა ხანუმი ძალიან გაგვიშინაურდა - დღე არ გავა, ეს მშვენიერი ქალბატონი რომელიმე ტელევიზიიდან არ შემოგვეფეთოს და თავის აფგანზე ჩვენ, ქართველებს, არ შემოგვტიროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცის, სად, რომელი ქვეყნის ციხეში ზის მისი რაინდი და ისიც მშვენივრად იცის, რატომ და რისთვის ზის იქ...
გამოძიების მსვლელობისას გაირკვევა, როგორ დამთავრდება ოცდამეერთე საუკუნის უკიდურესად მძაფრსიუჟეტიანი, პოლიტიკურ-დეტექტიური შეფერილობის რომანი „ლეილ-აფგანიანი"...
ვახტანგ ხარჩილავა