უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს გადასცა ფაქტები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს უცნობი იყო და რომელიც სააკაშვილმა განზრახ დამალა.
როგორც გერაშენკო facebook-ზე წერს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მართლაც ჩამოართვეს.
„მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მართლაც ჩამოერთვა. ეს განხორციელდა მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლის თანახმად.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს გადასცა ფაქტები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს უცნობი იყო და რომელიც სააკაშვილმა განზრახ დამალა.
მე ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება შეცდომა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით უკრაინელი მასზე დიდ იმედს ამყარებდა, მან მოლოდინები არ გაამართლა.
ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას დიდად არ აფასებდა.
დღეს ეს შეცდომა გამოსწორებულია. ახლა სააკაშვილს აქვს შანსი საკუთარი თავის რეალიზება ნიდერლანდებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცადოს", - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.