კრაკოვში გამართული ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესის შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე პრაღაში გაემგზავრნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები პრაღის მერიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და პრაღის საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
მასპინძლებმა ორსაათიანი პრეზენტაცია გამართეს და ქართველ სტუმრებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული წარმატებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს.
მერიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს, პრაღაში, წარსულში არსებულ გამოწვევებსა და მათი ეტაპობრივად მოგვარების გზებზე.
გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციის დანერგვას, დასუფთავების გადასახადების დაწესების მექანიზმის წესის ჩამოყალიბებასა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზებას.
მათი განმარტებით, აღნიშნული ქარხანა პრაღაში ორი ათეული წელია ფუნქციონირებს და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კვლავ ქალაქს უნაწილდება.
პრაღის საბჭოს წევრებმა კი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის პოპულარიზაციაზე, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, რაც მოსწავლეების სპორტულ ბანაკებში დასვენებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პრაღაში ვიზიტისას რადიოში ,,თავისუფლება" მიიწვიეს, სადაც მან კრაკოვში გამართული ევროპული კონგრესი შეაფასა.
გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევბზეც ისაუბრა და მსმენელს დედაქალაქში დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები გააცნო.