logo_geo
eng_logo
„დაღლილი მგზავრები... მე მიყვარს ისინი...“ - მხატვარი, რომელმაც 8 მილიონამდე კარიკატურა შექმნა
- +

10 აპრილი. 2016. 13:03


„ცხოვრების ეტლის სადარებელი, საცაა გავა მატერებელი", - გავა და გაჩერებიდან გაჩერებამდე „მეტროს მხატვარს" თავისი მისია აქვს შესასრულებელი: მან პორტრეტის შექმნაც უნდა მოასწროს, ვიღაცის გაღიმებაც და თუ იმ ვიღაცასთან ერთად, ბედიც გაუღიმებს, გასამრჯელოსაც მიიღებს... ეს ზიზი ზარიძეა, - მხატვარი, რომელმაც დაახლოებით 8 მილიონი კარიკატურა შექმნა.



დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, სამხატვრო აკადემია და ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა. მისი ბიოგრაფია შესულია მსოფლიო კატალოგში „ ვინ ვინაა", მოწყობილი აქვს 15-მდე პესონალური გამოფენა, მისი ცხოვრება კი როგორც თავად ამბობს, „მოუწყობელია"



ზიზი ზარიძე: თავდაპირველად პუშკინის სკვერში ვხატავდი. ბევრი მიცნობდა და მაშინ ფულს არავის ვართმევდი. ვხატავდი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. არც მიფიქრია, რომ დადგებოდა დრო და ეს საქმიანობა გახდებოდა ჩემი მრჩენელი და გადამრჩენელი.



დავკარგე სახლი, ყველაფერი დავკარგე... ძალიან იმედგაცრუებული ქუჩაში გამოვედი. ვფიქრობდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეცხოვრა... სადღაც მინდოდა გაქცევა... ასეთ დროს მიწისქვეშეთზე უკეთესი ადგილი რა იქნებოდა და მეტროში ჩავედი... ჩანთიდან ფანქარი და ფურცელი ამოვიღე და დავხატე ერთი ადამიანი. ნახატში ლარი გადამიხადეს. ეს 7 წლის წინ იყო.



-როგორი რეაქციები აქვთ ადამიანებს, როდესაც მათ პორტრეტებს ხატავთ?



-რეაქციები სხვადასხვაგვარია: ზოგი ზურგს მაქცევს და მეუბნება, რომ არ დავხატო. ზოგი კეცავს და ჩეmს თვალწინ კუჭავს ნახატს, რაზეც ძალიან მწყდება გული... მოკლედ არ არის დალხინებული განწყობები... მატარებელი კი გვირაბიდან სინათლისკენ მიიჩქარის და სხვა იმედებს აჩენს... ამიტომ მიყვარს მეტროპოლიტენში მუშაობა. აქ ექსტრემია, პორტრეტის შექმნაც უნდა მოასწრო და...



- დაახლოებით რამდენს გიხდიან?


-მაძლევენ 5 თეთრსაც და 50 ლარსაც, ზოგჯერ ფულის ნაცვლად მანდარინს, ან ფორთოხლებს მჩუქნიან... ივსება და იცლება ვაგონები შემოდიან ახალი სახეები, დაღლილი მგზავრები... მე მიყვარს ისინი... რაც არ უნდა გადაჭედილი იყოს ვაგონი, ადგილს მაინც მითმობენ...



-ცნობილი ადამიანებიდან თუ დაგიხატავთ ვინმე?



-ზაალ სულაკაურის ოჯახი დავხატე, ასევე დავით ბაქრაძე, ნონა გიუნაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები.



- თუ არ ვცდები, თქვენზე ფილმიც გადაიღეს...



- კი, დოკუმენტური ფილმი გადაიღო კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ტაბიძემ. სხვათა შორის, „ერთსულოვნებამაც" გადაიღო ჩემზე ფილმი, რომელიც ჯერ არ მინახავს და მისი წარდგენა ფესტივალზე სწორედ 15 დეკემბერს იგეგმება. ფილმი საკონკუსო ნამუშევარია და ვნახოთ, ექნება თუ არა მას წარმატება.



-სახელოსნო თუ გაქვთ? - არ გიფიქრიათ, რომ მოსწავლეები აგეყვანათ?



- სახელოსნო? სახელოსნოზე 84 წლიდან ვარ აღიცხვაზე, მაგრამ უშედეგოდ... მოსწავლეებიც მყავდა, მაგრამ ყოველდღიური შემოსავალი ვარჩიე... მინდა ჩემს ერთადერთ შვილს მომავალი შევუქმნა.



- თუ მიგიღიათ ისეთი შეფასება, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?



- თბილისში არის ასეთი კარიკატურისტი KEMO, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ასეთი წინადადება შემომთავაზა: ერთმანეთის კარიკატურა დავხატოთ, თუ შენი უკეთესი იქნება, მე ფულს გადაგიხდიო. წინადადებას დავთანხმდი. ორივემ დავხატეთ ერთმანეთი. KEMO-მ დახედა ნახატს, ფული გადამიხადა და მითხრა: „ამის შემდეგ თბილისში სამი კარიკატურისტი ვართ: ზაალი, მე და შენ", - ეს კარგი შეფასება იყო...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner