logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გიორგი ბაჯელიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო
- +

27 ივლისი. 2017. 20:39




საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.


გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები. კერძოდ,  2017 წლის 10 ივლისს  გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან", შპს „ნილთან" და შპს „ქალი და ბიზნესთან" ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და  სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს. აღნიშნულის საპასუხოდ  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გ.ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან" არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა  გაფორმებული და ხსენებული კომპანია  არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში  სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.


ამ დროისთვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მიღებული შედეგების შესახებ  ეცნობება საზოგადოებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner