logo_geo
eng_logo
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება - დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან
- +

10 აპრილი. 2016. 14:08



სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, „მე ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითგადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში ვითარდება და ოლღა ბებიასა და მისი მეზობლების, ილიკოსა დაილარიონის გარემოცვაში გაზრდილი ობოლი ბიჭის ისტორიას გვიამბობს. ზურიკელას უყვარს ბებია, ილიკო, ილარიონი, მურადა და თანაკლასელი გოგონა მერი. 

ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა, მაგრამ გურული იუმორი და წმინდა ადამიანურიღირებულებები მაყურებელს დღემდე იზიდავს. ალბათ, ეს გახდა ფილმის წარმატების მთავარისაიდუმლოც. ყველაფერი კი ასე იწყებოდა...


1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. ბოლოს, უნივერსიტეტის „ბირჟაზე“ აღმოაჩინეს 14 წლის სერგოორჯონიკიძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ  ტანაშოლტილი ბიჭი იყო (183 სანტიმეტრი)და კალათბურთს თამაშობდა. თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოში გადაღება შესთავაზა დაკინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა - ფილმმა „ზურიკელას“ არნახულიპოპულარობა და წარმატება მოუტანა. 

თენგიზ აბულაძე სერგოს მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა. ილარიონის როლზე აკაკი კვანტალიანის კანდიდატურა განიხილებოდა, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუას ან გიზო სიხარულიძეს მოიაზრებდნენ. საბოლოოდ, ილიკოს როლზე - სანდრო ჟორჟოლიანი, ხოლო ილარიონისშემსრულებლად გრიგოლ ტყაბლაძე დამტკიცდა. 

ოლღა ბებიას როლზე შერჩევისა და სასინჯი გადაღებების გარეშე დაამტკიცეს სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. 

ოლღა ბებია საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურშია შესული. 

უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის - მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზემიაგნეს. რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე ფილმს იღებდა, რომელშიც 12 წლის მანანა კუბელგოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და გოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა. 

ფილმი ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაშში გადაიღეს. 

თენგიზ აბულაძის შედევრმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება. 


საინტერესოდ განვითარდა მთავარი როლების შემსრულებელთა ცხოვრება. „ზურიკელამ“ აასრულა ოლღა ბებიას ოცნება: „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო“. სერგო ორჯონიკიძე ცნობილი კარდიოლოგია დაავადმყოფობის დროს სესილია თაყაიშვილს გვერდიდან არ მოსცილებია. მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა… 

თენგიზ აბულაძე თავის აღმოჩენილ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ მანანა აბაზაძემ გიორგიშენგელაიასთან „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაც თენგიზ აბულაძე ძალიან გაანაწყენა.


პოპულარობასა და წარმატებასთან ერთად, აბულაძის ფილმმა მსახიობებს დიდი გრძნობაც მოუტანა. სერგო ორჯონიკიძესა და მანანა აბაზაძეს თავად დიდი რეჟისორი უბიძგებდა ერთმანეთისკენ, თითქოს გრძნობდა, რომ ისინი მართლაც ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, 1968 წელს „ზურიკელა“ და „მერი“ რეალურად დაქორწინდნენ და ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს.


 


სესილია თაყაიშვილი, ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე, სერგო ორჯონიკიძე და გადამღები ჯგუფის წევრები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღებაზე. 

„სულ ორ ფილმში ვითამაშე, აქედან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ზურიკელას დავემსგავსე. ოლღა ბებია ხომ ოცნებობდა, მისი შვილიშვილი დოხტური გამოსულიყო. მე მართლაც ექიმი გავხდი. ზურიკელასა და მერის სიყვარული კი მე და მანანამ ცხოვრებაში გავაგრძელეთ და ამით თითქოს ფილმიც გაგრძელდა. თენგიზი სულ გვეუბნებოდა, ვიცი, რომ თქვენ დაქორწინდებითო. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, თქვენი ოჯახი ჩემი შექმნილიაო“. - სერგო ორჯონიკიძე.


 

სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე
„მე და სერგო თანატოლები ვიყავით, ამიტომ საერთო ენა ადვილად გამოვძებნეთ. თავიდან ვმეგობრობდით, გრძნობა კი მერე და მერე მოვიდა. ამაში ბატონმა თენგიზმაც დიდი წვლილი შეიტანა. როცა მოსკოვში მესამე მსოფლიო კინოფესტივალზე წაგვიყვანა, ყველგან თან დაგვატარებდა. კინოფესტივალის შემდეგ მე და სერგო შეყვარებულები გავხდით. თენგიზ აბულაძეს სურვილი შევუსრულეთ, რადგან მას ძალიან უნდოდა, ჩვენ საბოლოოდ ერთად ვყოფილიყავით“, - მანანა აბაზაძე.

 

სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე
„მე და მანანას სიყვარულის ახსნის სცენა არ გამოგვდიოდა. ამაზე თენგიზი გადაირია, თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე - კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო“, - სერგო ორჯონიკიძე.

 

„14 წლის ვიყავი, როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა, მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო“, - სერგო ორჯონიკიძე.

 

„სესილია თაყაიშვილი განუმეორებელი მსახიობი და პიროვნება იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში გულით ავადმყოფობდა. მე მაშინ დამწყები ექიმი ვიყავი. მას ვინ მანდობდა, მაგრამ ხშირად მირეკავდა ხოლმე. თავის ავადმყოფობაზე მიყვებოდა და მეც რჩევებს ვაძლევდი. ფილმის გადაღების შემდეგ მასთან ოჯახით ვახლობლობდი“, - სერგო ორჯონიკიძე.

 

„მოხდა ისე, რომ ქალბატონ სესილიას ბოლო წუთებში მის გვერდით ვიყავი. მოგეხსენებათ, მან მიოკარდიის ინფარქტი გადაიტანა. განმეორებითი შეტევა ჰქონდა და ლეჩკომბინატში მოიყვანეს. სასწრაფოდ უნდა აეყვანათ მესამე სართულზე, საოპერაციოში და აღმოჩნდა, რომ ლიფტი არ მუშაობს. ყველა დაიბნა... ვტაცე ქალბატონ სესილიას ხელი და მესამე სართულზე სირბილით ავიყვანე. სამწუხაროდ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მახსოვს, თენგიზ აბულაძეც მოვიდა. მოგვიანებით გაზეთში გამოქვეყნდა მისი სტატია, სადაც ამბობდა: შენმა შვილიშვილმაც ვერ გიშველა ბოლო წუთებშიო“, - სერგო ორჯონიკიძე.



„სესილია მანანას ურეკავდა ხოლმე და ეკითხებოდა, სად არის ჩემი დურაქი შვილიშვილიო“, - სერგო ორჯონიკიძე.


„მთელი ცხოვრება გამყვა მისი მფრინავი ფრაზა - „შენ არ გინდა, ზურიკელას უნდაო“. სადმე რომ ვიტყვი, რომ რაღაც არ მინდა, იმ წუთში ამ ფრაზას მომაძახებენ. ამ ფრაზით დავბერდი“, - მანანა აბაზაძე.

 

ზურიკელა და ცირა (კირა ანდრონიკაშვილი), კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
„მოგეხსენებათ, სერგო კარდიოლოგია და ხშირად მეუბნება, არ გინდა, გული გაგისინჯოო. სერგო ჩემი ოქროა, მაგრამ იმედი მაქვს, მისი პაციენტი არასოდეს გავხდები და გული არასოდეს შემაწუხებს. მანანას ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, მართალია, ზურიკელამ შენ გამო მიმატოვა, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ამას გაპატიებ-მეთქი“, - კირა ანდრონიკაშვილი, ფილმში ცირას როლის შემსრულებელი.

 

ზურიკელა და ილარიონი, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
„დაიწყო ჩემი და გრიგოლ ტყაბლაძის სცენის გადაღება, სადაც ის მეკითხება: „რაო, რა გითხრა იმ ბრუციანმა?“. ეს ისე წარმოთქვა, ყბა ჩამომივარდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ზუსტად ილარიონის ტიპაჟი იყო და თავის როლს საკმაოდ რეალისტურად ასრულებდა“.



ილიკო და ზურიკელა, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“


ბებია ოლღა, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
„ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის სესილია თაყაიშვილმა. ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ის მაშინ 55 წლის იყო“.

 

მანანა აბაზაძე და სერგო ორჯონიკიძე
„ბატონ თენგიზთან ურთიერთობა ფილმზე მუშაობით არ დამთავრებულა, მერე უფრო დავუახლოვდით. ის ჩვენზე ისე ზრუნავდა, როგორც მშობელი. უნდოდა, სერგოს კინოსარეჟისოროზე ჩაებარებინა, ყველანაირად ხელს გვიწყობდა. ასევე ძალიან უნდოდა, ერთად კიდევ გადავეღეთ რომელიმე ფილმში, სცენარისტებს გვახვედრებდა კიდეც. მე და სერგო მისი საკუთრება ვიყავით, ძალიან ვუყვარდით და ჩვენი ხელიდან გაშვება არ უნდოდა“, - მანანა აბაზაძე.

 

ილიკო სუხიშვილი და მანანა აბაზაძე
„ერთხელ ცუდად ვიყავი და ლეჩკომბინატში რენტგენის გადასაღებად მივედი. ამ დროს მოვიდა ქალბატონი სესილია. შემომყვა რენტგენის კაბინეტში. ეუბნებიან, ქალბატონო სესილია, აქ რენტგენია და გარეთ უნდა გახვიდეთო. არა უშავსო, უპასუხა და ჩემი ხელი ეკავა, სანამ არ გადამიღეს“, - მანანა აბაზაძე.

 

„ერთადერთი მსახიობი, ვისაც სინჯები არ გაუვლია, სესილია თაყაიშვილი იყო. მას კონკურენტი არ ჰყავდა. მახსოვს ის დღე, როცა ამ უდიდეს მსახიობს პირველად შევხვდი. კინოსტუდიის ეზოში იჯდა. ქალბატონო სესილია, ეს სერგოა, რომელსაც ზურიკელას როლისთვის ვსინჯავთ და გვინდა, ერთად გადაგიღოთ ფოტო, - უთხრა თენგიზ აბულაძემ. აა, მე მსინჯავთ? არა, თქვენ არა. როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, გვაინტერესებს, თქვენ და სერგო ერთმანეთს როგორ შეეფერებით, - ღიმილით მიუგო რეჟისორმა და ეზოში მე და ქალბატონ სესილიას ფოტოები გადაგვიღეს“, - სერგო ორჯონიკიძე.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner