სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული - ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბრალდებულმა საჯარო მოხელეს სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით.
შპს "ლადი 2011"-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით გადასცა მოსაპოვებელი 8000 კუბი ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური - 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.