logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა იყიდებაო?!
- +

28 ივლისი. 2017. 14:29


 

„თბილისის „დინამოს" საწვრთნელი ბაზა იყიდებაო?!", - ამ სათაურით ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერილს აქვეყნებს:


(წერილი მეორე)


თბილისის „დინამოს" საწვრთნელი ბაზა მართლა იყიდება? - ასეთი კითხვა უკვე გაჩნდა საზოგადოებაში. ჩემი კოლეგებიც კი წერენ (მაგალითად, გაზეთ „ახალი თაობის" ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი) და რიგითი ადამიანები მსჯელობენ სოციალურ ქსელებში: თურმე დიღმის მასივში ყველა ამბობს, რომ „დინამოს" ამჟამინდელი მფლობელი რომან ფიფია მის ადგილზე სავაჭრო ცენტრისა და მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას აპირებს. ამ თემაზე ფიფიას მხრიდან კონკრეტული კომენტარი ჯერ არ კეთდება, მაგრამ საერთო სიტუაციას თუ გადავხედავთ, საქმე აქეთ მიდის - 2017 წლის მარტში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ქართველი მშენებლები და უცხოელი ინვესტორები მის მეზობლად მარვალსართულიანი კორპუსის მშენებლობას განაგრძობდნენ, ბაზას თბილისის ზღვაზე ან მცხეთასთან ახლოს გადაიტანდა. დიღმის საწვრთნელი ბაზის ადგილზე კი, როგორც თავად ამბობს, ისეთი რამე აშენდება, რომელიც „დინამოს" შეინახავს.


შორენა მარსაგიშვილი: „იმედია მთლად მწვანილის მოყვანას არ აპირებს. ისე, როგორც ამბობენ, იქვე კიტრი და პომიდორი დაუთესია. მართალია, სააკაშვილის დროს ეს ბაზა და „დინამო" 1 ლარად აჩუქეს, მაგრამ საწვრთნელი ბაზის სავაჭრო ცენტრად გადაქცევის უფლება არ აქვს. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე ვეტერანი ფეხბურთელები და საზოგადოება სათანადო რეაგირებას მოახდენს".


როგორც პირველ წერილში მოგახსენეთ, ბიზნესმენმა რომან ფიფიამ თბილისის საკრებულოს და მერიას სასამართლოში უჩივლა, „დინამოს" საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ ცხოველების ბაზრობა არასოდეს ყოფილა, ეს ტერიტორია ყოველთვიოს ჩვენ გვეკუთვნოდა და ახლა ნება იბოძეთ, თქვენი გადაწყვეტილება გააუქმეთ, აქ საცხოვრებელი კორპუსი რომ შენდება, არ მეპიტნავება, დაანგრიეთო. არა, მთლად ასე პირდაპირ ვერ ამბობს, დაანგრიეთო, მაგრამ როცა სასამართლოს მიმართავს, ასე გამოდის.


ვააა... დაანგრიე, რა, შენი აშენებულია?!


არადა, კაცმა რომ თქვას და სამართლიანობა აღადგინოს, ორმა სამშენებლო კომპანიამ („ბაუსტარმა" და „გოკი და კომპანიამ") სასამართლოში იქით უნდა იჩივლონ და რომან ფიფიას რომ მათ კუთვნილ 1652 კვადრატულ მეტრ მიწაზე საკურდღლე, საქათმე და ბაღ-ბოსტანი აქვს გაშენებული, ის უნდა დაანგრევინონ. ამაზე სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები, ნატო ბერიკაშვილი და მამუკა შარაშენიძე თავს იკავებენ, მაინც თბილისის „დინამოსთან" გვაქვს საქმე, მაინც საქართველოს ისტორიას ვეხებით და თანახმა ვართ, სხვა ტერიტორიაში გავცვალოთ, ფიფიას მივყიდოთ, თუნდაც საიჯარო ხელშეკრულება გავუფორმოთო. ალბათ, გაგიკვირდებათ და... ბიზნესმენი რომან ფიფია არც ერთ გარიგებაზე არ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ საამისოდ რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - როგორც ამ კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, მას უნდოდა, მშენებლობაში შემოსულიყო წილობრივად და არ გამოუვიდა; მეორე - მათივე თქმით, სპეციალურად ამწვავებს სიტუაციას, რათა დახატოს სურათი, თითქოს კორპუსების მშენებლობებით ავიწროებენ და იძულებულია, საწვრთნელი ბაზა ქალაქგარეთ გაიტანოს, შემდგომში კი ამ ადგილზე თვითონ წამოიწყოს სამშენებლო ბიზნესი. გარკვეულ წრეებში ხუმრობენ კიდეც, ფიფიამ იმიტომ გააკეთა მიტაცებულ ტერიტორიაზე საკურდღლე, რომ ღამ-ღამობით ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერაში ვარჯიშობსო.


კიდევ ერთი საკითხი: ბუნებრივია, ყველას გაუჩნდება კითხვა - სანამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყებოდა ევგენი მიქელაძის ქუჩა 9ა-ში, კომპანიების ხელმძღვანელებს არ ჰქონიათ ბატონ ფიფიასთან საუბარი? დიახ, ჰქონიათ და მერე როგორი - ოფიციალურადაც კი მისწერეს, თუ რამე პრეტენზიები გაქვს, ახლავე გვითხარი, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, მერე გვიანი იქნებაო. მათივე თქმით, ფიფიამ ისიც კი უთქვამს, თქვენი 1652 კვადრატული მიწა რომ მაქვს, ჩემი იყოს, გამოვიყენებ, ავითვისებ, მერა რა საბაზრო ფასიც იქნება, იმას გადაგიხდითო. აი, დადგა გადახდის დრო და ფაფუუუუ... არაო, ვერაო, ეგრე არ მაწყობსო. საქმეში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩაერივნენ, დაიწყო მისვლა-მოსვლა, სჯა-ბაასი: ჰა, კაცო, თუ რამე გინდა, თქვი, მერე ნუ გაჯიქდები, ჩვენი ტერიტორია გაქვს წაღებული, გამოღმა ნუ შემოგვედავებიო. ყველა მოლაპარაკება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც სხვისი ტერიტორია შემოღობა და თავი ქუდში დაიგულა.


ახლა ერთმანეთის პირისპირ დგანან სამშენებლო კომპანიები და 1 ლარად ნაყიდი თბილისის „დინამო". ერთ მხარესაა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატარკაციშვილების ოჯახიდან გადაფორმებული მუქთი ბიზნესი, მეორე მხარეს კი 5 მილიონ დოლარად ნაყიდი ტერიტორია, ნახევრად აშენებული კორპუსი და ადამიანები, რომლებმაც უკვე იყიდეს ამ ადგილზე ბინები. აი, უკვე მეორედ წამომცდა: ვააა... დაანგრიო, რა, შენი აშენებულია?! დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში, როცა ყველა სახის დოკუმენტაცია წესრიგშია, კორპუსს, სადაც უკვე მილიონები ჩაიყარა, არავინ დაანგრევს. ასეთი რაღაცები ადრე ხდებოდა, „დემოკრატ" მიშას დროს, გაიხსენეთ, რა დღეში ჩაყარეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებელი ადამიანები, როცა კორპუსიდან წიოკით გამოასახლეს და ყველაფერი თავზე დაანგრიეს. ჰოდა, არ შეიძლება, ეს არ იცოდეს ბატონმა რომანმა, მაშინ ის რუსეთში იმყოფებოდა, მაგრამ ვინც იცის, იმან გადასცეს, მრჩევლების სიმრავლეს არ უჩივის.


მეორე საკითხი: რატომ არ გამოთქვა პრეტენზიები რომან ფიფიამ მშენებლობის დაწყებამდე? ჯერ ერთი, უკვე გითხარით, რომ, მშენებლების თქმით, თვითონაც აპირებდა წილში შესვლას და მეორეც - როგორც მისმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირმა ცქიტიშვილმა მითხრა, თურმე მათ მანამდე წერილით მიუმართავთ უცხოელი ინვესტორებისთვის, იმ წერილში გამოუთქვამთ პრეტენზიები. არ დაიჯერებთ და ქართულმა მხარემ ამ წერილის შესახებ არაფერი იცის. ცქიტიშვილი დამპირდა, ამ ინგლისურენოვან მიმართვას გამოგიგზავნიო, მაგრამ როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, დღესაც მოდის დანაშრეტი. ალბათ, გზაშია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner