logo_geo
eng_logo
„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა
- +

28 ივლისი. 2017. 15:19



ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბავშვთა სამყაროს" დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარედგინა. მისივე ინფორმაციით, ბრალი დაკავებულს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო წარედგინა.


„როგორც ვვარაუდობდით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. მტკიცებულებები რამდენიმე წუთის წინ გადმოგვეცა, ამიტომ საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობთ", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.


ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესი დღეს არ დაინიშნება, რადგან სასამართლოს ესაჭიროება მასალების გაცნობა, ხოლო დაცვის მხარეს ესაჭიროება მომზადება სასამართლოზე წარდგენისთვის.


„მას შემდგომ რაც საქმის მასალებს გავეცნობით, ჩვენ სამართლებრივ არგუმენტაციას წარმოგიდგენთ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხელთ არსებული ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია ის გარემოება, რომ დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner