logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ორმაგი ჩიხი და ორმაგი ჩიხირთმა
- +

29 ივლისი. 2017. 14:50




გაეთრიონ რუსი ოკუპანტები აქედან! სულ მალე NATO-ს ჯარები შემოვლენ აქ და საქართველოს დაიცავენ! - ჭექდა ლამის ეროვნულ გმირად შერაცხილი ირაკლი და ჩვენ, ბედნიერი და აღტაცებული ქართველები, მხურვალე ტაშითა და ოვაციებით ბაჯილდოებდით ორატორს. ამ მრისხანე და ოპტიმისტური სიტყვების წარმოთქმის შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, ირაკლი დაბერდა, დაბერდნენ მისი ტაშისდამკვრელებიც, მაგრამ NATO-ს ჯარები ჯერჯერობით არსად ჩანან, სამაგიეროდ, ჩანან რუსები, რომლებიც ყოველდღე ისე გვიახლოვდებიან, სულ მალე ერთმანეთს ცხვირებს მივაბჯენთ.

 

არის რაღაც ტრაგიკომიკური იმაში, რაც დღეს ხდება - მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, დაჟინებით ვიმეორებთ, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შევდივართ, მიუხედავად იმისა, რომ კარები ღიაა, NATO-ში მაინც ვერა და ვერ შევეკვეხეთ.


NATO-ში ვერ შევდივართ, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსები შემოდიან უფრო ღრმად და ღრმად, ღრმად და ღრმად...

 

რაც უფრო ხმამაღლა ვიძახით, რომ NATO-ში სულ მალე გავწევრიანდებით, რუსები მით უფრო ღრმად და ღრმად შემოდიან საქართველოში.


არის რაღაც უცნაური და მისტიკური კავშირი ჩვენს NATO-ში შესვლასა და რუსების საქართველოში შემოსვლას შორის, თუმცა ჩვენ ამ კავშირის დანახვა ჯიუტად არ გვინდა და მაინც NATO-NATO-ს გავყვირით და, როგორც ჩანს, მანამდე ვიყვირებთ, სანამ ეს რუსები მთელ საქარველოს არ დაიპყრობენ.


რა ვიფიქრო ახლა მე, რუსები იმათ შემოჰყავთ საქართველოში, ვინც NATO-NATO-ს გაიძახის?

 

ასე გამოდის, თუმცა, შეიძლება სინამდვილეში სულ სხვა რამ ედოთ გულში, გულში კი ვის რა უდევს, ამას რა მნიშვნელოვა აქვს - მთავარია შედეგი.


ყველა უბედურებას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, იმ უბედურების მიზეზი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, ის არის, რომ ცხონებულ სიდამონს არ დავუჯერეთ - რას შვრებით, ქართველებო, ვისაა, რომ მიჰყვებით, მაგას მე მაღაზიაში არ ვუშვებ მარტოს პურის საყიდლად, თქვენ კი წინამძღოლად აგირჩევიათო, რომ გვეუბნებოდა.


რა თქმა უნდა, მამამ შვილის ამბავი ჩვენზე უკეთ იცოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ერთხელ ვიღაცას რომ ავიკვიატებთ, ერთხელ ვიღაცას რომ ამოვიჩემებთ, ცხვრის ფარასავით დაბრმავებულ-დარეტიანებული მივდევთ უკან, სანამ ის ვიღაცა საყასბოში არ გვიკრავს თავს.


სამწუხაროდ და საუბედუროდ, ყასბის დანა რომ მოგვებჯინა ყელზე, მხოლოდ მაშინ მივხვდით, რომ შეპირებული თავისუფლების ნაცვლად საყასბოში აღმოვჩნდით.


მივხვდითო, კი ვთქვი, მაგრამ მივხვდით კი? რა გვეტყობა ჩვენ საიმისო, რომ რაიმეს მივხვდით, რა გვეტყობა, რომ ძველი შეცდომებიდან რაღაც დასკვნა გავაკეთეთ და ჭკუა ვისწავლეთ?


ჭკუაზე გამახსენდა და ბარემ აქვე ვიკითხავ - ისეთი რა სენი გვჭირს, რომ ჭკვიან და გონიერ ადამიანებს ეჭვის თვალით ვყურებთ, უჭკუოებს, გიჟებს და სულელებს კი უყოყმანოდ და დაუეჭვებლად რომ ვუჯერებთ?

 

ბატონ სიდამონს არ დავუჯერეთ-მეთქი, ვთქვი ზემოთ.


სიდამონს კი არა, ილია ჭავჭავაძეს არ ვუჯერებდით ჩვენ და არც ახლა ვუჯერებთ, სამაგიეროდ, ვუჯერებთ მიშიკოს, გრიშიკოს, გივიკოს, თინიკოს, ზალიკოს, პალიკოს, ვანიკოს და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში და რატომ ვისჯებით ასე?

ერთი მეგობარი მყავდა - ტანმორჩილი, გამხდარი ბიჭი იყო, მაგრამ გული ჰქონდა დიდი და ორ ჭიქას რომ დალევდა, მაინცდამაინც მასზე ორჯერ მაღალ ზორბა ტიპებს გაექაჩებოდა, რაც, როგორც წესი, დრამატულად მთავრდებოდა ხოლმე, თუმცა, ის მაინც არ იშლიდა მისთვის ფრიად საზიანო ამ ჩვევას და საკუთარი თავის წინააღმდგეგ მიმართულ ამ პროვოკაციას ჯიუტად აგრძელებდა.


საქართველომაც ხომ არ მოუწყო საკუთარ თავს დიდი პროვოკაცია, როცა საბჭოთა იმპერიის დაშლის პერიოდში რუსეთს დაუპირისპირდა?


რამდენად იყო გონივრული და წინდახედული ჩვენი იმდროინდელი მოქმედებები და ის რადიკალური ხასიათის განცხადებები, რაც ჩვენს ხალხმრავალ მიტინგებზე ისმოდა?

 

ამ განცხადებების უკან არ იდგა არავითარი რეალური ძალა, იყო მხოლოდ და მხოლოდ შიშველი ემოციები.

 

რაც მაშინ, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ხდებოდა, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა რომანტიკულ-ჰეროიკული პათეტიკით გაჟღენთილ თეატრალურ წარმოდგენას, სადაც ვიღაცები გმირების როლებს თამაშობდნენ და მატურებელს არწმუნებდნენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ საქართველოს მხსნელები და განმათავისუფლებლები, რომლებიც შლიდნენ და ანგრევდნენ საბჭოთა იმპერიას.


-არამარტო საბჭოთა კავშირი დავშალეთ ჩვენ, არამედ გავათავისუფლეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები! - „თავმდაბლად" განაცხადა ერთმა იმდროინდელმა „გმირმა" ერთ-ერთ მიტინგზე და მიტინგის მონაწილე ათითასობით ქართველი ყიჟინით და ოვაციებით შეეგება მის სიტყვებს.


ამ ათიათასობით ქართველსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ საბჭოთა იმპერია მართლა ჩვენ, ქართველებმა, დავანგრიეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც ჩვენ, ქართველებმა, გავათავისუფლეთ.

 

აი, ასეთი და ამნაირი შინაარსის იყო ის სპექტაკლი, რომელიც, დღემდე არავინ იცის, ვინ დაგვიდგა და არც ის ვიცით, ვინ ცვლიდა გზადაგზა ამ სპექტაკლის დრამატურგიას, ვის გაჰყავდა და ვის შემოჰყავდა ახალი პერსონაჟები სცენაზე, ვინ წერდა ახალ ტექსტს და ვისი ნახელავი იყო ეს ახალ-ახალი დეკორაციები.


ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სპექტაკლის მთავარი გმირები და, პარალელურად, მაყურებლებიც, ერთმანეთს დაერვნენ და რუსეთის ნაცვლად საკუთარი სამშობლო დალეწეს და დაამარცხეს.

როგორც ვთქვით, NATO-ში ვერა და ვერ შევდივართ, სამაგიეროდ, რუსები უფრო ღრმად და ღრმად შემოდიან საქართველოში.


საქმეს ვერ შველის ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება-აღშფოთება, რუსები ჯიუტად მოიწევენ წინ, რითაც ხაზგასმით აჩვენებენ, რომ როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ძლევამოსილი პარტნიორებიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.

- ეკონომიკური სანქციები მაინც დაუწესეთ ამ ოხრებს, სანამ მთავარი მაგისტრალიც არ გადაუკეტავთ და ზედ მავთულხლართები არ გაუვლიათ - მოუწოდებენ დასავლეთელ პარტნიორებს ჩვენი „პატრიოტი" არასამთავრობოები.


ამ პატივცემულმა ორგანიზაციებმა, ალბათ, არ იციან, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალი ძალიან მასშტაბურად არის წარმოდგენილი და შესაძლოა, ეს სანქციები ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს უკან.

 

რუსები შემოდიანო, მერამდენედ ვთქვი, თუმცა, სინამდვილეში რუსები უკვე შემოსული არიან საქართველოში.


ერთი კარგად მიმოვიხედოთ და დავინახავთ, რომ ალყაში ვართ, ბიძიკოებო, ალყაში და ჩვენს დახსნა-გათავისუფლებას არავინ აპირებს და რომც დააპიროს, ამას ისეთი კატასტროფული შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის, ქვა ქვაზე არ დარჩება.


აბა, რა ვქნათ?
გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი!


მე რომ არ ვიცი, ეგ არაფერი, მაგრამ საქართველოში ბევრიც რომ არ მეგულება ისეთი, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, აი, ეგ არის უბედურება.


ოცდაათი წლის წინათ მეც, ბატონმა სიდამონმაც და კიდევ ძალიან ბევრმა ზუსტად ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა და როგორ საბედისწეროდ განვითარდებოდა მოვლენები ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ვიცოდით და ხმამაღლა ვამბობდით, ვწერდით, ვიხვეწებოდით, მაგრამ არავის ესმოდა ჩვენი ნათქვამი.


ახლა ჩიხში ვართ - წინ ვერ წახვალ და ვერც უკან გამობრუნდები, რადგან უკანაც ყრუ კედელია ამოშენებული.

 

მოკლედ, ორმაგ ჩიხში ვყოფილვართ, ვიღაც-ვიღაცები კი ორმაგ ჩიხირთმას მიირთმევენ!




ვახტანგ ხარჩილავა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner