ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
კიევში, მთელ უკრაინაში პოლიტიკური ვითარება იძაბება. ამის ერთერთი უმთავრესი მიზეზი ცნობილია: სააკაშვილი!!!!
ორი წლის წინ ხომ ვამბობდით, რომ უკრაინაში გადასროლილი ქართული "დესანტი" ცუდად დაამთავრებს-თქო... ისე აგიხდათ ყოველივე, რაც სრულად და მთლიანად ახდა ეს "ურთულესი" პროგნოზი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ჩე გევარების" დრო წავიდა.
ჰოდა, პოლიტიკაში სახიფათო კი არის პროგნოზირება, მაგრამ გავბედავ და ვივარაუდებ: დღესავით ნათელია ის, რომ ჯერ-ჯერობით "უსამშობლოდ" და "უპასპორტოდ" დატოვებული და „მეორე წრეზე“ გადასროლილი სააკაშვილი ასე მარტივად არ დატოვებს სცენას და, როგორც მინიმუმი, გადაიყოლებს თუ პრეზიდენტს არა, უკრაინის ხელისუფლების კაი ვეებერთელა ნაწილს... იქ „პროცესი“ დაიძრა და ენის შეუკავებლობის უკონტროლოდ განვითარებულმა ინფექციამ უკვე გადმოხეთქა და ბევრი დაასნებოვნა, რამეთუ ეს სენი მარტო ოდესის ექსგუბერნატორს არ ჭირს... აგერ ნახავთ, კიდევ რამდენი ვინმე ალაპარაკდება და სისხლს გაუშრობს პოროშენკოს, ავაქოვს, რაც, ვიმეორებ, მშვიდობიანად არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება. ოლიგარქი კოლომოისკი, მიშას დაუძინებელი მტერიც კი პოროშენკოს უკიჟინებს იმ შეცდომაზე, რაც, მისი აზრით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორმევით ჩაიდინა. ბრძოლაში ჩაერთო ახმეტოვიც, უკრაინის ყველაზე მდიდარი კაცი, რომელიც, სააკაშვილის აზრით, პოროშენკოს "მართავს".
ამ ბრძოლა-პროცესის სავარაუდო "ფინალის" ვადაც (საარჩევნოდ) კი ცნობილი იყო, მაგრამ ვითარება ერთობ გამწვავდა და ნასკვის გახსნა დაჩქარდა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისთანავე. იქ რაც ხდება და მოხდება მრავლისმეტყველად მოგვითხრრობს ეს უკრაინული პუბლიკაცია (https://elise.com.ua/2017/07/29/).
მე ახლა სხვა რამ მაფიქრებს:
ცოტა არ იყოს, გაუგებარია ის სიხარულის ელფერის მატარებელი აჟიოტაჟი, რაც ატყდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე, ვითომდა, საქართველიში სააკაშვილის მოსალოდნელი იძულებითი „ჩამობრძანების“თაობაზე. კიდევ უფრო გვაოცებს ამ მხრივ მმართველ ელიტასა და მასთან დაახლოვებულ წრეებში (მედია, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი) მავანის აქტიურობა და რიტორიკა, რაც გვიბიძგებს რამდენიმედან ერთ ასარჩევ დაკვნისკენ: თუ ვინმეს სააკაშვილის ექსტრადირების სურვილი აქვს, ითხოვს ამას ან მოუწოდებს იბრძოლონ ამისთვის, ის, უბრალოდ, ან მიამიტია, ან-ერთობ გამოუცდელი, ან- აბსოლუტურად არაინფირმირებული და უცოდინარი, ან-პოლიტიკურად "ბეცი"! იარლიყი ასარჩევადაა და დაკონკრეტება გემოვნების სფერიდანაა!
შევარდნაძის - პოლიტიკური კონიუნქტურის ამ გროსმაისტერის "გამოცდილებიდან" მაინც ესწავლათ რამე? მაგალითად, რა ოსტატურად იყენებდა იგი შიდა პოლიტიკურ პრაქტიკაში ე.წ. "რუსეთუმე-საფრთხობელას" - დევნილ იგორ გიორგაძეს. ტერაქტში "ეჭვმიტანილი" უშიშროების ყოფილი მინისტრი არაერთგზის იყო მზად იყო ჩამოსასვლელად და დამოუკიდებელ - ობიექტური სასამართლოს წინაშე წარსადგენად, მაგრამ ვინ ჩამოუშვა? სამაგიეროდ, დღე არ გასულა ამ 22 წლის მანძილზე, ქართული საზოგადოებრიობა არ დაეშინებინათ "თეთრ ცხენზე ამხედრებული" იგორის (ანუ, რუსეთის) დაბრუნების პერსპექტივით.
ახლა სხვა დროა. რეალურად! სააკაშვილთან შედარებით გიორგაძის პოპულარობა ისევე განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა, გაკეთებული საქმეები იქნება თუ პოლიტიკური იმიჯი. ბოლო არჩევნების შედეგებმა ეს სხვაობა ხილულ ფაქტად აქციეს.
ამიტომ, მეტისმეტად სერიოზული დაფიქრება მართებს ვისაც ჯერ არს იმ თემაზე, ღირს თუ არა ბრძოლა ექსპრეზიდენტ - ექსგუბერნატორის ექსტრადირებისთვის. ჯერ ერთი, პოლიტიკური კონიუნქტურა, პოლიტიკური ეთიკა (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს), ჩემი აზრით, გამორიცხავს ამ მხრივ დასავლეთის სახელმწიფოების ნეიტრალიტეტს, ისევე, როგორც მიშას საწინააღმდეგო რაიმე მონდომებას, აქტიურობას. აგერ, ლიტვამ მას უკვე მოქალაქეობაც შესთავაზა. ბევრმა ლიდერმა დაგმო კიდეც პოროშენკოს გადაწყვეტილება. მაგრამ, დავუშვათ, იქაც "გარეკეს" და "მწვანე შუქი" აუნთეს ექსტრადირების პრობლემის გადაწყვეტას. პერსპექტივა?
ჩემს მტერს ის, რაც მოხდება საქართველოში ექსპრეზიდენტის ნებისმიერი სახით (ექსტრადირებული, გასამართლებული, ციხეში მყოფი...) დაბრუნება - ყოფნასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად მოხეტიალე - მოლაყბე - მოლაპარაკე კი არა, ციხეში იზოლირებული უფრო საშიშია, არა მარტო მხარდამჭერ - მომხრეთა საკმაოდ სოლიდური რადენობით, არამედ მისი უსაზღვრო ენერგიით, ავადმყოფური და დაუნდობელი ფანტაზიით, "პიარ-ნიჭიერებით", პოლიტიკური დემაგოგიით და უტიფრობით. სააკაშვილი არც ვანოა, არც გიგი, არც ბაჩო. იგი უფრო მეტია ვიდრე ისინი ერთად აღებული, მათზე დამატებული, თუნდაც, ათობით "მეწვრილმანე" პატიმრით ე.წ. 9-წლიანი "ეპოქის" დანაშაულისთვის რომ იხდის სასჯელს. იდეური, ანუ, ავადმყოფურად შეყვარებული "მიშისტებისთვის" (ეს ფენა ერთობ ნაცნობი და უნივერსალურია ჩვენი უახლესი ისტორიიდან) არც ის არის "დანაკლისი", ანგარიშგასაწევი და "ჭეშმარიტი", რაც ნაცმოს რიგებს ჩამოშორდა (მოისყიდეს, გადაიბირეს, უღალატეს) "გირჩების" (ზ.ჯაფარიძე და კომპანია), "ახალი ევროპელების"(გ.ბოკერია და სხვანი), პოროშენკოს ღიმილისმომგვრელი მრჩეველი ვაშაძის და მისნაირი გაუგებრობების სახით.
სააკაშვილის და მისი მრევლის დასოკებლად, "გასაბითურებლად", გასანეიტრალებლად არა და ვერ გამოდგება ის "საქმეები", რომელიც ნებსით(!) თუ უნებლიედ(!), კატასტროფულად ჩააფლავა იმ "სასაცილო" სტრუქტურამ, რომელიც, ალბათ, დაკომპლექტებულია ან "საბავშვო ბაღის აღსაზრდელებით", ან, რომელიღაც დაუსწრებელი იურიდიული შპს-სასწავლებლის ბედოვლათი მსმენელებით, "სტაჟირება" (ანუ, ფულის "კეთების" კურსი) რომ კეზერაშვილის საფინანსო პოლიციაში გაიარეს, ან, "ბოტასების ქურდობაში" დაოსტატებული ხელმრუდი ბიჭებით, რომლებსაც ევროპულ ციხეში პატიმრობა, დადებით პროფესიულ-იურიდიულ პრაქტიკად ჩაუთვალეს წინა და ახლანდელი ხელისუფლების ნამეტნავად ჭკვიანმა "კადროვიკებმა".
"კოსტუმების", სოფო ნიჟარაძის, ვიღაც მკბენარა მასაჟისტის თუ ქსიუშა სობჩაკებისნაირი ლოთბაზარა მეხოტბებებისთვის მირთმეული საჩუქრების გამო "აღძრულ" - გახმაურებული საქმეები კი ანეგდოტების და "საღადაო" თემებად გადაიქცა. აღარ მუშაობს არც "ცოცხები", აღარც "კასრები", აღარც "ფარული კადრები", რამეთუ მარტო უნიჭოდ კი არა, იდიოტურადაც გაცვითეს და გააშარჟეს ეს უბედურება.
ერთადერთი გზა, რაც გაანეიტრალებს ამ სიტუაციას, ჩემი და ჩემნაირი გულწრფელი გულშემატკივრების აზრით, არის გზა საქვეყნო, სახელმწიფო საქმის კეთებისა და მისი თვალნათელი, ხელშესახები შედეგებისა!
ეს არის ხალხზე ზრუნვის, გადასახადების შემცირების, პენსიების გაზრდის, სამართლიანობის აღდგენის, უკანონოდ წართმეულის დაბრუნების, ადამიანებისთვის ღირსების დაბრუნება-აღდგენის გზა! სხვა, უბრალოდ, არ არსებობს!
და ამ გზაზე უნდა ვიაროთ კიდევ უფრო მეტი დაჟინებით, შეუპოვრობით, გულწრფელობით; ხალხთან დიალოგით, მისი აზრის მოსმენის სურვილით და გათვალისწინებით; სახელისუფლო ელიტების თინეიჯერული დაპირისპირების აღმოფხვრით, მეტი თავმდაბლური ცხოვრებით, სიყოყოჩის დათრგუნვით, სახელმწიფო აპარატის და მაღალჩინოსნების შემოსავლების მოსახლეობის რეალური მდგომარეობასთან შესაბამისობაში მიყვანით, დანამატებსა და პრემიებზე კატეგორიულად უარის თქმით, და კიდევ ბევრ ისეთ რამის უარყოფით, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს გაჭირვებულ მასას.
სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური გამჭვირვალობით, რამეთუ მაინც არაფერი იმალება და ჯობს თავად ვისაუბროთ პრობლემებზე, ავხსნათ მისი მიზეზები, ვთქვათ რას ვაკეთებთ მათ გამოსასწორებლად, ვიდრე მივჩანჩალებდეთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა კვალდაკვალ მათ მიერ დაწერილი "სცენარით"!
უარი უნდა ითქვას ე.წ. ორმაგ სტანდარტზე, წარსულის ლანძღვა-გინებაზე, უნდა გავთავისუფლდეთ სამარცხვინო მემკვიდრეობიდან არა ლაპარაკით, არამედ უკეთესი შედეგებით, განსაკუთრებით კი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობით, საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში პროფესიონალიზმით, კრიმინალთა უყოყმანო და დაუნდობელი ალაგმვით...
კოჰაბიტაცია არ ნიშნავს შეგუებას, კოჰაბიტაცია შეიძლება მხოლოდ იმათთან, ვისაც შენება უნდა, საქმის კეთება, უანგაროდ, კონიუნქტურის გარეშე.
მაშინ ვეღარავინ (მათ შორის საჯარო სამსახურში მყოფი ჩინოსანი, სამართალდამცველი-ტაბელური იარაღის მატარებელი თუ ოფიცერი, უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, თუ სკოლის მასწავლებელი) გაბედავს ღიად, საჯაროდ, სადღეგრძელოების შესმას იმ დღეების მოლოდინში, როცა მიშა ჩამოვა, ვანო გამოვა, ბაჩო აღსდგება და ... ამათ დედა ეტირებათ!
ნეტარ არიან მორწმუნენი!
https://elise.com.ua/2017/07/29/poroshenko-sneset-majdan-vot-kto-vse-proizojdet/