logo_geo
eng_logo
ზვიად გამსახურდიას პასუხი ანდრეი სახაროვისადმი აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით
- +

10 აპრილი. 2016. 17:11


ქართულ პრესასა და ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის გამონათქვამი ქართველების მიმართების თაობაზე აფხაზებთან და ოსებთან, რაც ელჩმა რუსების დამოკიდებულებას შეადარა ქართველებთან.


მსგავსი თვალსაზრისის გასაჯაროება ეთიკის დარღვევისა და პოლიტიკის ანბანის უგულებელყოფის მაგალითი გახლავთ, რადგან ეთნიკურ დამოკიდებულებათა  ურთიერთშედარება  მხოლოდ  სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების ბარიერის გადალახვის შემდეგ არის შესაძლებელი. ქართველები რუსებს კი არ უჩივიან, არამედ საქართველო უჩივის რუსეთის იმპერიისგან ხელყოფასა და მიწების ანექსიას. ხოლო, ქართველები ანალოგიურ ქმედებას აფხაზებისა და ოსების მიმართ ვერ ჩაიდენენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აფხაზეთისაც და  სამაჩაბლოს მიწებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა და ამ მიწებზე ჩამოსახლებულ ადამიანებთან ქართველთა დამოკიდებულებასა და რუსებისაგან დაპყრობილ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება.


რიჩარდ ნორლანდის გამონათქვამს დიდი მსგავსება აქვს  აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ბრალდებასთან საქართველოს მიმართ, რომელსაც ის „მცირე იმპერიას" უწოდებდა.


თავის დროზე ჟურნალ „ოგონიოკში" (№ 31, 1989 წ. ) დაიბეჭდა მისი ინტერვიუ, სადაც ის მოდიფიცირებული საბჭოთა კავშირისათვის  განახლებულ ერთობას მოითხოვდა. აი, რას სთავაზობდა ის ყოფილ რესპუბლიკებს:


მე ვიძლევი კონფედერაციის წინადადებას. ყველა რესპუბლიკას - მოკავშირესაცა და ავტონომიურსაც, ავტონომიურ ოლქებს, ნაციონალურ ოკრუგებს უნდა მიეცეთ თანაბარი უფლება ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების შენარჩუნებით. ყველა მათგანმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი. მათი სუვერენიტეტი მინიმალურად უნდა იქნეს შეზღუდული ერთობლივი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის საკითხებით...დანარჩენში ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და ასე უნდა მოაწერონ ხელი ახალ სამოკავშირეო  ხელშეკრულებას...


უნდა დავიწყოთ იმპერიული სტრუქტურის სრული დემონტაჟით. მხოლოდ ასე შეიძლება ნაციონალური პრობლემის გადაჭრა მცირე იმპერიებში, როგორებადაც არსებითად გვევლინებიან რესპუბლიკები - მაგალითად, საქართველო, რომლის შემადგენლობაშიც მოქცეული არიან  აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები. თუკი საქართველოთი დავიწყებთ და რსფსრ-ში იგივეს არ გავაკეთებთ, წარმოიქმნება დიდი სირთულეები, ხოლო თუ კონფედერაციად გადაკეთება მოხდება მთელ უზარმაზარ ქვეყანაში, საქმე გაიოლდება"...


ამ ე.წ. სამართალდამცველს გამანადგურებელი პასუხი გასცა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც გაზეთ „ვეჩერნი ტბილისში" დაიბეჭდა რუსულ ენაზე სათაურით: „ობიექტურობის ხარისხი - ღია წერილი ანდრეი სახაროვს". მასში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ქვას ქვაზე არ ტოვებდა სსრკ-ის ყველა ადმინისტრაციულ-ეთნიკური წარმონაქმნის განახლებული შეკავშირების იდეიდან და განსაკუთრებული არგუმენტაციით პასუხობდა საქართველოს „მცირე იმპერიად" გამოცხადების თეზისს.


წერილი, შესაძლოა, პირდაპირ რუსულად იყოს დაწერილ, ან - ზვიად გამსახურდიასვე ეთარგმნა რუსულად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მის ორიგინალს ვერ მივაკვლიეთ -  გავბედეთ და მოკრძალებით  ვთარგმნეთ რუსული ენიდან. შესაბამისად, თუ ნაკლს რასმე შენიშნავს მკითხველი, ეს ჩვენი გაუწაფავი მთარგმნელობითი ხელოვნების ბრალი იქნება. ამდენად, ქვემოთ გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას  სახაროვისადმი მიწერილი პასუხიდან  ჩვენს მიერ თარგმნილ იმ ფრაგმენტს, სადაც სწორედ საქართველოს თაობაზეა საუბარი:


„...თქვენ ჩაერთეთ ანტიქართულ კამპანიაში და საქართველო გამოაცხადეთ იმპერიად", რომელმაც თითქოსდა თავის შემადგენლობაში გაიერთიანა აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები (ოგონიოკი" №31). სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ, დიდი ფიზიკოსი, რატომღაც ყოველთვის ავლენდით განსაცვიფრებელ გაუთვითცნობიერებლობას კავკასიის ისტორიისა და ეტიოლოგიის საკითხებში. მაგალითად, 1973 წელს თქვენი ეგიდით გამომავალმა არაოფიციალური თვითგამოცემის ჟურნალმა მიმდინარე მოვლენათა ქრონიკამ" („Хроника текущих событий") გამოაქვეყნა წერილი თურქ-მესხთა მოძრაობა სამშობლოში დასაბრუნებლად". არადა, თურქი-მესხები ისევე არ არსებობენ ბუნებაში, როგორც შოტლანდიელი-ჩინელები. ეს ტერმინი მოგონილია ქართველ მუსულმანთა წრის გაუნათლებელი, ბნელი ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ არჩევენ რელიგიასა და ეროვნებას ერთმანეთისაგან - თავს თვლიან თურქებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მუსულმანები არიან. მაგრამ თქვენ, მეცნიერი, აკადემიკოსი ხომ უნდა გრძნობდეთ ამ განსხვავებას, ან დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში მაინც ჩაგეხედათ

 

ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჩვენ წარმოგიდგინეთ თქვენ და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს ცნობა მესხების, როგორც ქართული ტომის თაობაზე, მომზადებული მიკლუხო-მაკლაის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ, რის შედეგადაც შეიქმნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ცნობილი დოკუმენტი მესხთა მდგომარეობის შესახებ".

 

ახლა კი თქვენ იგივეს აგრძელებთ. თქვენს მიერ ოგონიოკში" გაკეთებული განცხადებით დაამტკიცეთ, რომ არ იცით ტერმინ აფხაზეთის" მნიშვნელობა და არც ის, თუ რა მიმართება გააჩნია მას ტერმინ საქართველოსთან". რათა არ შეგაწყინოთ თავი სხვადასხვა ისტორიკოსების ნაშრომთა ციტირებით, კვლავ დავეყრდნობი დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას: ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო ადგილობრივი ეთნიკური ტიპის ჩამოყალიბება. აფხაზეთი მაშინ კოლხიდის, ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოს, ნაწილს შეადგენდა". ასე რომ, როგორც ხედავთ, აფხაზეთი ძველთაგანვე საქართველოს ნაწილი იყო. კიდევ მეტი, აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველო, ზოგჯერ - მთელი საქართველოც, როგორც, მაგალითად, ნიზამი განჯელის  ცნობილ პოემა ისკანდერ ნამეში" (XII .), სადაც აფხაზეთის (საქართველოს) დედაქალაქად დასახელებულია ტფილისი. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი - მეორე სახელია ინგლისის.

 

თუმცაღა ახლანდელ დროში აფხაზებს" არასწორად უწოდებენ ჩერქეზთა მონათესავე აფსუათა ჩრდილოეთ-კავკასიურ, ადიღურ ტომს, რომელიც XVII საუკუნიდან იპყრობს ისტორიული აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ახდენს იქ მცხოვრებ ქართველთა ასიმილირებას და მკვიდრდება.

აი, ვის უწოდებენ დღეს აფხაზებს, როგორც ეგვიპტელ არაბებსეგვიპტელებს, ან პალესტინელ არაბებს - პალესტინელებს. ყოველივე ეს არის ისტორიისა და ეტიოლოგიის ანბანი, რასაც დღეს აყალბებენ მოსკოველი და აფსუელი ცრუ-მეცნიერები საქართველოსგან მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მოწყვეტის საძრახისი მიზნით. და დღეს თქვენ ბანს აძლევთ იმ ფალსიფიკატორებსა და იმპერიალისტებს, რომელთაც გუშინ ამხილებდით სხვა დანაშაულებისათვის.

რა გაეწყობა, რაკი თქვენ ერწმუნეთ მითს, რომლის მიხედვითაც ქართველები არიან აფხაზეთის დამპყრობნი, რადგან ის საქართველოს ფარგლებში მოუქცევიათ, გირჩევთ ერთხელ, როდესაც სოხუმში იქნებით დასასვენებლად, მცირედი ექსკურსია მოაწყოთ მდინარე ბესლეთის ხეობაში (ჭანბას ქუჩაზე), სადაც ნახავთ XII საუკუნეში თამარ მეფის მიერ აგებულ ხიდს. იქ არის ფილა შემდეგი წარწერით: ხიდზე შემორჩენილია ქართული წარწერა მთავრული ასოებით". მაგრამ სიტყვა ქართული" წაშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიტყვა წარწერა". საკითხავია, ვინ წაშალა?

 

ეტყობა იმათთაგანმა, ვინც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი არასდროს საქართველო არ ყოფილა და ქართველმა იმპერიალისტებმა  აფხაზეთი ხელში ჩაიგდეს... XX საუკუნეში! აი, როგორ ადამიანებსა აქვთ თქვენზე ზეგავლენა!

 

რაც შეეხება ..სამხრეთ ოსეთს", კვლავ მოგვიწევს თქვენი გადამისამართება დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისკენ: თანამედროვე ოსების წინაპრები არიან ალანები, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში... ხოლო XIII საუკუნეში, მონღოლ-თათართა შემოსევის შედეგად, რომლებმაც სამომთაბარეოდ ხელსაყრელი ჩრდილოეთ კავკასიის სტეპები დაიპყრეს, ოსებმა XIII საუკუნის შუახანებიდან დაიწყეს შემოსახლება ცენტრალური კავკასიის (ანუ საქართველოს - ..) მთებში". ასე რომ, როგორც ხედავთ, არც ოსები და არც აფსუები (აფხაზები) არ არიან ქართულ მიწაზე აბორიგენები. ისინი აქ ჩამოგვისახლდნენ, როგორც არაბები ეგვიპტეში და ისრაელის ისტორიულ ტერიტორიებზე. ყველაფერი ეს არის ისტორიისა და გეოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტება. პირად საუბარში თქვენ ჩემთვის, როგორც ფილოლოგისთვისარაერთგზის მოგიციათ შენიშვნა ატომური ფიზიკის დარგში. ახლა კი ჩემი ჯერია გამხილოთ  ჩემი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის უცოდინარობაში.

თანაც, თქვენ არასოდეს არ დაგიგმიათ ისრაელი პალესტინელთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის, არ გიწოდებიათ მისთვის დამპყრობელი" და იმპერიალისტი", რაც უსამართლობა იქნებოდა. მაშ რა დააშავა თქვენს წინაშე პატარა საქართველომ, საბჭოთა კავშირის ყველაზე შევიწროებულმა და დისკრიმინირებულმა ხალხმა?"


წყარო: georoyal.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner