logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დამოუკიდებლობა დიდი ტვირთია, პასუხისმგებლობაა, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის
- +

10 აპრილი. 2016. 18:03


ილია მეორე: გავუძელით დროის გამოცდას

 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატრიარქმა  ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ყველა ადამიანი ის ადამიანი გაიხსენა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირა ან ღვაწლი გასწია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. მისივე თქმით, დამოუკიდებლობა ეს ტვირთია, დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც რთულად მისაღწევი ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის.


„25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყნის ისტორიისთვის ეს მცირე დროა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის სიცოცხლის სერიოზული ნაწილი. დამოუკიდებლობა დიდი ტვირთია, დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის კი იგი, მით უმეტეს, ძნელად მისაღწევი და ასევე ძნელად გასავლელი გზაა; ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ამ ხნის განმავლობაში დიდი სირთულეები შეგვხვდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რასაც, სამწუხაროდ, თან ერთვის მსოფლიო კრიზისიდან მომდინარე პრობლემებიც.

 

ჩვენი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ხანგრძლივი გაჭირვებისა და იწროების, მიუხედავად დიდი ტკივილისა და მწუხარებისა, გავუძელით დროის გამოცდას. ერმა ღირსება და ღირებულებები არ დაკარგა და დამოუკიდებელი საქართველოს ერთგულ დამცველად დარჩა.

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ყოველი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე შესწირა ან ღვაწლი გასწია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმინდანთა და ჩვენი წინაპრების ლოცვით, განამტკიცოს, განაძლიეროს და თავის საზღვრებში აღადგინოს სრულიად საქართველო. გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს! ", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner