logo_geo
eng_logo
რვა საუკუნის შემდეგ, მოღალატე ქართველები გაცოცხლდნენ მათი სულიერი მემკვიდრეების, „ნაციონალების“ სახით
- +

2 აგვისტო. 2017. 13:59




რვა საუკუნის წინათ და რვა საუკუნის შემდეგ


თუ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მაშინ პუტინზე დიდი მეგობარი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია, რადგან ისეთი კაცი გამოგვიგზავნა მხსნელად, რომელიც მისი სპეცდავალებით საქართველოს კეთილდღეობისთვის მილიარდებს ხარჯავს.


- დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა!

- ძირს ივანიშვილის დიქტატურა!

- საქართველო ივანიშვილის გარეშე!

- ყველანი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ!


ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოწოდებებისა, რომლებიც სულ უფრო ხშირად ისმის ტელეეკრანებიდან თუ მოხშირებული საპროტესტო აქციებიდან.


მაინც ვინ არიან ამ მოწოდებების და ამ საპროტესტო აქციების ავტორები და ინიციატორები და რატომ ებრძვიან ასე გააფთრებით ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის?


სანამ ამ საინტერესო კითხვას პასუხს გავცემდე, ერთ ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ.


დავით აღმაშენებლის მიერ არაბთა სამასწლიანი ბატონობიდან თბილისის გათავისუფლება ქართველ დიდგვაროვანთა ერთი ნაწილისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ დამპყრობლისგან თბილისის დამხსნელ მეფეს სასტიკად დაუპირისპირდნენ და აჯანყება მოუწყვეს.


ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბავია ეს - როგორ შეიძლებოდა ქართველ კაცს გადამთიელებისგან ქართული ქალაქის გათავისუფლება არ გახარებოდა?


დაუჯერებელი ამბავი კია, მაგრამ სინამდვილეს ვერსად გავექცევით - ქართველები თბილისის გამათავისუფლებელ ქართველ მეფეს აუჯანყდნენ.


რატომ მოხდა ეს?


რატომ მოხდა და იმიტომ, რომ სამი საუკუნის თანაცხოვრების განმავლობაში ქართველი დიდგვაროვნები ისე კარგად შეეწყვნენ დამპყრობლებს, ისეთი კარგი ურთიერთობები დაამყარეს მათთან, იმდენი ქონება და ოქრო-ვერცხლი იშოვეს დამპყრობლების ფრთებქვეშ საიმედოდ შეყუჟულებმა, რომ ახალი პატრონი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატრონი მათი ჯიშისა და ჯილაგისა იყო, ვერ იგუეს, რადგან იმ შორეული უდაბნოებიდან მოსულ დამპყრობელთან უფრო დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ლიხს იქითა მხრიდან გადმოსულ არამკითხე ქართველ განმათავისუფლებელთან.


დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა 2012 წლის ოქტომბერში, როცა "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რაც მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, ფაქტობრივად, იყო თითქმის ოცწლიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინება, რის შედეგადაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო განთავისუფლდა შინაური მოძალადეებისგან.


რაც 2012 წლის შემდეგ ხდება, ეს არის უხილავ მტერთან საიდუმლო გარიგებით შეკრული ქართული პოლიტიკური "დიდგვაროვნების" , XX-XXI საუკუნეების მოღალატე პოლიტიკური ფეოდალების რევანშის და ძალაუფლების დაბრუნების მცდელობა, რომლის წარმატებით განხორციელებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ზოგადად, მისი არსებობა უშლის ხელს.


ამ შინაურმა დამპყრობლებმა ძალიან ბევრი რამ დაკარგეს 2012 წლის შემოდგომაზე - დაკარგეს ქვეყნის ძარცვის ექსკლუზიური უფლება, დაკარგეს უზარმაზარი შემოსავლები, დაკარგეს პრივილეგიები, დაკარგეს განუსაზღვრელი, უკონტროლო ძალაუფლება, ყოველივე ამასთან შეგუება კი, ცხადია, ძნელია.


ისინი მარტო არ მოქმედებდნენ.


ეს ძალები ნაწილია იმ საერთაშორისო მაფიისა, რომლის შესახებაც ღიად და დაუფარავად ილაპარაკა დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში და მანამდეც...


დამარცხებას ვერც ეს საერთაშორისო მაფია ეგუება, რომლის საეგზეკუციო-სადამსჯელო დესანტს წარმოადგენდა "ნაცმოძრაობა" , რომლის საშუალებითაც, კოლოსალური თანხები მიედინებოდა მაფიის ჯიბეებში.


დღეს შუა საუკუნეები არ არის, რომ ქვეყნის მოღალატეებს და გამყიდველებს თავები წაასხიპო და სარებზე წამოაცვა, როგორც ეს აღმაშენებელმა გააკეთა.


დღეს დემოკრატიაა, რომელიც ფარისევლების, არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში იმდენი მანიპულაციის საშუალებას იძლევა, რომ სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელით დაიცვა ავანტურისტები, მკვლელები, ყაჩაღები, სადისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები, რაც ხდება კიდევაც დღევანდელ საქართველოში.


...რვა საუკუნის შემდეგ სარებზე წამოცმული მოღალატე ქართველები გაცოცხლდნენ და მათი სულიერი მემკვიდრეების, "ნაციონალების" ხელით მაინც გააძევეს დავით მეფე თბილისიდან და პირი იქით უქნეს, საიდანაც მოვიდა და მტერთან ჩახუტებულებს სიამტკბილობით სავსე ცხოვრება დაუნგრია.


                                                             * * *

- ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია!

- გავათავისუფლოთ საქართველო რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობისგან!


ასეთ "პატრიოტულ-ჰეროიკული" გრძნობებით შეზავებულ-შეკმაზულ დემაგოგიურ გამოხდომებსაც ხშირად გაიგონებთ ხოლმე უტიფართა ბაგეთაგან.


მოდით, ერთი წუთით დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია.


თუ ის მართლაც რუსი ოლიგარქია, მაშინ, ცხადია, ის პირდაპირ და უშუალოდ უნდა ასრულებდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დირექტივებს და მითითებებს.


ახლა გავიხსენოთ, რა საქმეები აქვს გაკეთებული პუტინის კონტროლსდაქვემდებარებულ ამ "რუს ოლიგარქს" საქართველოში და იმ დასკვნამდე მივალთ, რომ პუტინზე უფრო დიდი მზრუნველი, მეგობარი და მოამაგე საქართველოს არ ჰყოლია.


ვლადიმირ პუტინი არის თურმე ის კაცი, რომელიც საქართველოში "კამანდიროვკით" გამოგზავნილ მის რუს ოლიგარქს ავალდებულებს, საქართველოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ორი მილიარდ ორას მილიონზე მეტი დოლარი დახარჯოს, ააშენოს სამების კომპლექსი, აღადგინოს და რესტავრაცია გაუკეთოს 500-მდე ეკლესია-მონასტერს, გაარემონტოს სასწავლო დაწესებულებები, თეატრები, საავადმყოფოები, კლინიკები, ინსტიტუტები, სხვადასხვა ობიექტები, ააშენოს სპორტული კომპლექსები, ყოველთვიური სტიპენდიებით დაეხმაროს ათიათასობით ადამიანს, საძირკველი ჩაუყაროს ახალი უნივერსიტეტის მშენებლობას, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს მილიონების ღირებულების ქონება და ა. შ. და ა. შ.ამის გაკეთებას "აიძულებს" თავის "რუს ოლიგარქს" ვლადიმირ პუტინი?


აი, ამას ამბობთ თქვენ, თქვე ცალტვინა იდიოტებო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს და რუსეთის ინტერესების გამტარებელს ეძახით!


რუსეთის ინტერესების ყველაზე ერთგული გამტარებელი თუ ვინმე იყო, ეს იყო "ნაცმოძრაობა" , რომელმაც თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში თუ რაიმეს გაყიდვა შეიძლებოდა, ყველაფერი რუსეთს მიჰყიდა, ბოლოს კი ყოველივე ამას საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიც ზედ დაამატა საჩუქრად.


დაბოლოს, დავუშვათ, მობეზრდა ბიძინა ივანიშვილს ამდენი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, ამდენი ცილისწამება და ქვეყნიდან წავიდა.


რა შეიძლება მოხდეს ამ დროს?


რა შეიძლება მოხდეს და მისი წასვლისთანავე, დაუყოვნებლივ, იმავე წუთას, იმავე დღეს საქართველოში ისეთი დაპირისპირებები და ისეთი არეულობა დაიწყება, გასული საუკუნის 90-იანი წლები მოსანატრებელი გაგვიხდება.


ვის შეიძლება ეს ხელს აძლევდეს?


ვის და იმ ძალებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის სხვა არანაირი შანსი არ აქვთ, გარდა ერთისა: ისარგებლონ ქაოსით, არეულობით, უმართავი პროცესებით და, როგორც ასეთ დროს ხდება, მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭირონ.


ცუდ პროცესებს ვხედავ, ცუდად იმღვრევა პოლიტიკური ამინდი და ყოველივე ამას ცუდი გაგრძელება და კიდევ უფრო ცუდი შედეგები ექნება, თუ ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები დროულად არ გადადგა და, ამასთან ერთად, ქართველი ხალხი თუ ვერ მიხვდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაა.


 



 

 

 


ვახტანგ ხარჩილავა











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner