logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: დღეს რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა... 27 წელია, უმისოდ მიიზლაზნება სამყარო...
- +

2 აგვისტო. 2017. 20:25


ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„დღეს, 2 აგვისტოს, მისი დაბადების დღეა... რეზო თაბუკაშვილს 90 წლის იუბილეს მიულოცავენ ზეციური საქართველოს ბინადარნი... ჩვენ კი აქედან... უკვე 27 წელია, უმისოდ მიიზლაზნება სამყარო... მის გარეშე, მისი უმშვენიერესი მედიკოს გარეშე, რომელსაც უძღვნა ყველაფერი, სიცოცხლე, შემოქმედება... შექსპირის სონეტების თარგმანიც... ამ თარგმანების დიდებულება და ოსტატობაც მეუღლის სილამაზის და მშვენიერების წყალობააო.... მედეა ჯაფარიძე უნდა გყავდეს მეუღლედ რომ დაწერო: „შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი თუ არ მოეჭრა საქართველოში, შენს სილამაზეს უნდა უმადლოდესო"... მერე უნიკალური, უანალოგო ფილმების ეპოქა... საქართველოს, ქართველთა და საქართველოსთვის დამაშვრალ გადამთიელთა პორტრეტები ისეთ ჟანრში, რომელსაც არც მანამდე და არც მის შემდეგ მაგალითი არ აქვს! „მხატვრული კინოდოკუმენტალისტიკა" უწოდეს, მე რაღაც მეცოტავება! მოუსმინეთ „საქართველოს მეჭურჭლუთუხუცესს" და თქვენც გეცოტავებათ! აბა, უსმინეთ:

 

„ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართ-მოძღვარო ბატონო ექვთიმე,

 

გადარჩენილ საუნჯესთან ერთად შენც დაუბრუნდი ამდენი წლის ნანატრ, კურთხეულ მიწას. შენი ჩამოსვლა დღესასწაულად იქცა, მაგრამ მოულოდნელი სატკივარიც ბევრი გაგიჩნდა. მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა; მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვისაც ძალა ეყო უსახსროსა და მიუსაფარს წაღმართი გზით გაევლო ცთუნებებით სავსე ცხოვრების ხეივანი და არც თვალი, არც ხელი, არცერთი ცდუნებისკენ არ გაქცეოდა. მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვინაც ზნეობის უმძიმესი ტვირთი ასე მსუბუქად მიიტანა ამა სოფლის აღსასრულამდე და ბოლოს ღირსეულად გარდისახა წინაპართა სამყაროს მკვიდრად; იმ ბუმბერაზ წინაპართა, რომელთა საფლავებიდან დღესაც ამოდის შუქი, და ამ შუქზე ხშირად ჩვენც უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე ვართ ხოლმე სინამდვილეში.

 

მოგვიტევე ბატონო ექვთიმე, - შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად სულის ჭრილობებიც გაგატანეთ იმ ქვეყნად; მხოლოდ 48 კაცმა შებედა უკანასკნელ გზაზე გაჰყოლოდა შენს წმიდა კუბოს. მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ და მართლმსაჯულებამ!

 

გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სახელი!

 

ნათელში იყავ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო!" - კონდაკია წმიდა ექვთიმეს სახელზე დაწერილი... ამ ფილმების მისი ხმის გარეშე ყურება წარმოუდგენელია! როგორ არ იღლებოდა, დღესაც მიკვირს... წუწუნი? ბოღმა და შური? მის სახელთან ახლოსაც არ ჩაუვლია და ალბათ ამიტომ ატარა ერმა მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე ხელით... ატარა 9 აგვისტოს თაკარა, მცხუნვარე მზის ქვეშ... არც მაგონდება ასეთი დაფასება! „პროფესიონალიზმია პატრიოტიზმიო" და არა პირიქით, როგორც მომდევნო წლებში საუბედურო და დამღუპველ სენად იქცა...

 

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,

მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,

მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

 

ახლა ვუკვირდები, - როგორი წინასწარმეტყველური აზრები რითმებში განფენილი... თავი მოიკალი და მსგავსს ვერ დაწერ... ამის უფლება უნდა გქონდეს... უფლება, ერისგან და ბერისგან მონიჭებული... აბა, ამ სტრიქონებსაც გაადევნეთ თვალი და გინება:

 

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,

ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.

მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,

სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.

 

დარიგებაა? რჩევაა? მგონი, დავით მეფსალმუნის ლოცვაა... ეს ჩემი აზრია, რისი უფლებაც მაქვს... (ჰო, ეს მისგან ვისწავლე!)... როგორი დავალებული ვარ თქვენგან ძია რეზო... ბატონო რეზო, როგორ იცოდით, საიდან იცოდით ამდენი?! უიშვიათესი მონადირე და მზარეული, თვალშეუდგამი თამადა და უტყუარი უფროსი მეგობარი... კიდევ რომელი ერთი მოვთვალო?! და ასეთი კაცი რომ გამოგეცლება, როგორ გინდა გაძლო და იარო?! კიდევ ერთხელ მიითვალეთ ჩემგან მადლობა, - კაცო-ზეკაცო..." - წერს სიამაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner