თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც თამარ გერგედავასთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე შუამდგომლობა მოამზადა, სამსახურიდან გათავისუფლდება.
თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი მოკვლევა დასრულდა და დადგინდა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი იმ სამსახურის მიერ, რომელიც მერთან შუამდგომლობას აყენებს.
„თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაასრულა. მოკვლევის შედეგად, კონკრეტული საქმის გარემოებათა შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, შეესწავლა თამარ გერგედავას განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შესრულებულ იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, თამარ გერგედავასთვის თანხის გამოყოფის თაობაზე შუამდგომლობის წერილი მან თბილისის მერთან გაგზავნა შაბლონური ტექსტით, რომელიც იმ მომენტისათვის არ შეესაბამებოდა გერგედავების ოჯახში არსებულ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად, თამარ გერგედავა არ იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეთათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე საკითხის გადაწყვეტისას მერი ეყრდნობა შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობას და არ არის ვალდებული, უშუალოდ გადაამოწმოს თითოეული დოკუმენტი, რადგანაც, აღნიშნულზე, სწორედ ის სამსახურია პასუხისმგებელი, რომელიც შუამდგომლობას აყენებს მერთან, დავით ნარმანია შეცდომაში იქნა შეყვანილი.
შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აღნიშნული თანამშრომელი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. მერიის უწყებაში დასაქმებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს არასწორ ინფორმაციასა და რეკომენდაციას, ასევე, დაკისრებულ სამუშაოს შეასრულებს არაჯეროვნად, გადაამეტებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას ან ადგილი ექნება თუნდაც მცირე გადაცდომას, მიღებულ იქნება უმკაცრესი ზომები", - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.