logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სამხედროების რიცხვი გაიზრდება
- +

4 აგვისტო. 2017. 12:40


 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე სამხედროების რიცხვი გაიზრდება. იენს სტოლტენბერგი NATO-ს ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდება.


ამ დროისათვის, NATO-ს მისიაში 39 ქვეყანა და 13 459 სამხედრო მონაწილეობს. NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ივნისის მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა სამხედროების დამატებით გაგზავნის შესახებ სურვილი და მზადყოფნა დააფიქსირეს.


იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, NATO „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის საბრძოლო მისიით შეცვლას არ აპირებს.

 

„ალიანსის მიზანია, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავად შეძლონ ებრძოლონ ტერორიზმს და სტაბილურობა დაამყარონ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ მივესალმებით ავღანეთის შეიარაღებული ძალების მონდომებას და მათ უნარს, რომ თავად გაუმკლავდნენ სიძნელეებს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა CNN-თან ინტერვიუში.


„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი სამხედრო აშშ-ს ჰყავს გაგზავნილი - 7 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ავღანეთში. გენმდივანი ამბობს, რომ შეერთებული შტატებიდან ჯერჯერობით სამხედროების რაოდენობის გაზრდაზე მინიშნება არ მიუღია. ავღანეთში NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიამ ISAF-ის მისია 2015 წელს ჩაანაცვლა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner