„პირადად მე ძალიან მსურს, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებული შესწორების შეტანა ამ მოწვევის პარლამენტმა მოასწროს!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ამ მოწვევის პარლამენტში უნდა მოესწროს, რადგან შესაძლოა, მომდევნო მოწვევის პარლამენტი „გაცილებით ჭრელი იყოს" და აღნიშნული იდეის განხორციელება ვეღარ მოხერხდეს.
„დიახ, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენვე უნდა გავაკეთოთ, რადგან მომდევნო პარლამენტი შეიძლება, გაცილებით ჭრელი იყოს და ამ კანონის მიღება უფრო გართულდეს.
ისე, შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცები იმასაც ფიქრობენ, იქნებ ეს საკითხი ხელოვნურად გავწელოთ და მომდევნო მოწვევის პარლამენტში როგორმე „გამოვძვრებითო".
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო უმრავლესობაში არა ვართ, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე უნდა დავაფიქსიროთ, რომ მხარს ვუჭერთ ოჯახის სიწმინდეს და არა რაღაც სიბილწეს, რომელიც ერის გადაგვარებას ისახავს მიზნად!
ქართველმა ხალხმა პარლამენტში იმისათვის აგვირჩია, რომ ეროვნულ ინტერესებს ვემსახუროთ!
ეს ყველა დეპუტატს კარგად უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული", - განაცხადა ნიშნიანიძემ.