საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.
„4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.
ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.