„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ყაჩაღობისათვის ბრალდებული ჰ. ქ.-ს მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა მოქალაქე ქ. კ.-ს და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, ასევე კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ. მოცემულ საქმეზე ჩატარდა არსებითი განხილვის 11 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 19 და დაცვის მხარის 1 მოწმე- თავად ბრალდებული.
საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ჰ. ქ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - ნათქვამია განცხადებაში.