„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ყვითელი, ბულვარული პრესის სტატიებს და დედაკაცების ორღობის ჭორიკნობას დაემსგავსა", - ამის შესახებ facebook-ზე პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სადაა სოციალური პროგრამები? ეკონომიკური რეფორმების გზა? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი? ეროვნული პრობლემატიკა? სამართლებრივ-კონსტიტუციური ცვლილებების იდეები? - პოლიტიკურ აზრთა ჭიდილი ვინ ვისთან იწვა, ვინ გადაუღო, ვინ გაუვრცელა, ვინ ვისზე იძალადა სექსუალურად, ვინ ვისი საყვარელია და სხვა ასეთმა მარაზმატიკულმა თემებმა ჩაანაცვლა. ყოველივე უცილობლად ქმნის იმის საშიშროებას , რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ან გამოჩნდნენ ძალზედ ბინძური ძალები, რომლებიც ამაზრზენი და ბინძური მეთოდებით მოახერხებენ ამომრჩევლის ზომბირებას, გამოთაყვანებას, მოსყიდვას (მათ გააჩნიათ უზარმაზარი ფინანსები და საინფორმაციო საშუალებები). მერწმუნეთ, ეს არის სერიოზულად დამუშავებული გეგმა, რომლის ამოქმედებაც დაიწყო და თუ ხელი არ შევუშალეთ, აუცილებლად სისრულეში მოვა. ჩემს თვალწინ და ჩემს ხელში არაერთ ხელისუფლებას გაუვლია, ამიტომ პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ კარის მაამებლების ძალისხმევით ხდება რეალობის დაფარვა, ხოლო მმართველისთვის სასურველის რეალურად წარმოჩენა, რაც ყოველთვის ერთი შედეგით მთავრდება და ეს შედეგი მეტად სავალალოა. ჩვენ ძმებს, ებრაელებს აქვთ ერთი მეტად ბრძნული გამონათქვამი - არც შენი იცოდე და არც სხვისი გაიგონოო. სამწუხაროდ, ეს გამონათქვამი სრულ უნისონშია არსებულ რეალობასთან!" - წერს ბრეგაძე.