ოზურგეთში „ზარა", „მანგო", „ბერშკა", „მასიმო დუტი" და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. თურქული კომპანია „Baykanlar" პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს „ოზურგეთი გარმენთის" დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას აქტიურად სწავლობდა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავდა. გურიაში ჩამოსვლის შემდეგ მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში", სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ოზურგეთში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. მოხდა შერჩეული უძრავი ქონების შესწავლა და ნახაზების გაკეთება. სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია.
„ოზურგეთი გარმენთ" - ქართული კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. მათ ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე უკვე მიმართეს და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.
ოსმან ბაიქანი: „საქართველოში პირველად ერთი თვის წინ ჩამოვედით. ოზურგეთში დავათვალიერეთ არსებული ტერიტორიები, შევარჩიეთ და ჩამოვყალიბდით ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც გავხსნით სამკერვალო ფაბრიკას, რომელშიც შეიკერება ჯინსები და მიეწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დამკვეთებს, როგორიცაა „ზარა", „მანგო", „ბერშკა", „მასიმო დუტი" და სხვა ბრენდულ კომპანიებს. საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ოზურგეთში იფუნქციონირებს მხოლოდ სამკერვალო ხაზი, ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. გვინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონ გუბერნატორს, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში გვედგა და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდა".