ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კიდევ ერთი ხანძარი, ზოგისთვის „პაჟარი". „ნაციონალებისა" და მათი მიმდევრების მორიგი ქოთქოთი, უსაგნო ბრალდებები - სადაა მიშას ნაყიდი „პუმები", რატომ არ ასხამენ წყალს ზემოდან?! ჰმ... მიშას ნაყიდიო, განა ხალხის ნაყიდიო? არც კი დაუქოქიათო, კაცო, არც კიო, ვერ გაბედეს ბიძინას გაღვიძებაო! - იძახის ბრძნული გამომეტყველებით ნიკოლოზ რურუა. ამ დროს არ იცის, ივანიშვილს ეძინა თუ ეღვიძა, უბრალოდ ლაპარაკობს, სახლში დაზეპირებული აზრები გამოაქვს გარეთ და პირდაპირ მთაწმინდიდან აფრქვევს. არადა, როცა ბრძნულ გამომეტყველებას იღებ, ცოტა აზრიც უნდა დააყოლო!
უდუმაშვილი ბრდღვინავს, გაცოფებულია, სად არის ჩვენი „პუმებიო"? ჰო, მეხანძრეები, მაშველები იდეალურად მუშაობენ, ხანძარიც დროულად ჩააქრეს, მაგრამ ხელისუფლება მაინც მოიკოჭლებსო. აჰა, ესეც კაი გვარიანად უბერავს... რა გინდა, შარზე თუ არა ხარ, რას მიედ-მოედები, ხომ ჩააქრეს დროულად, ხომ იმუშავეს ბიჭებმა იდეალურად? არა, აქ საკითხი სხვა რამეშია, არ უნდა ჩაექროთ დროულად, იყო იმედი, რომ იქნებოდა ქაოსი, ცეცხლი გადავიდოდა საცხოვრებელ სახლებზე, დაზარალდებოდა ათასობით ოჯახი... აი, მაშინ კი ექნებოდათ სალაპარაკო „ნაცებს" და მათ მიმდევრებს. არ მოხდა ასე, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში... თუმცა გაზეპირებული ტექსტები ვეღარ ამოიღეს გონებიდან, ვეღარ წაშალეს, არ აქვთ ამდენი ტვინი და რა ქნან?!
ჰა, ჰა, ჰა... ყველა სამსახურმა გმირობა ჩაიდინა, მაგრამ სახელმწიფო მაინც ჩამოიშალა, „პუმები" რომ არ ააფრინესო. თქვე ქარაქუცებო, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც აღიაროთ ადამიანების შრომა ნორმალურად? ესე იგი, თუ არა თქვენ, ყველაფერი მაინც ცუდადაა, ხომ? კი, ბატონო, მე ვიცი, რასაც წარმოადგენთ, რა ვირეშმაკებიც ბრძანდებით, მესმის თქვენი, მაგრამ ყველა ხომ ვერ გაგიგებთ? ზალა უდუმაშვილმა საკრიტიკო რომ ვეღარაფერი ნახა, ისაო... ხელისუფლების წევრები ხანძარს მთაწმინდის ვერანდიდან უყურებდნენო. გეგონება, თვითონ პირდაპირ ცეცხლში ეცა და ეგრევე გაანეიტრალა სიტუაცია. რა უნდა ექნათ ხელისუფლების წევრებს, გაქანებულიყვნენ და ჭიაკოკონობა მოეწყოთ, ფილმი „ქაჯანა" ხელახლა გადაეღოთ? არა, მიშა რომ ყოფილიყო კვლავაც „ცვეტში", ისეთებს მოაწყობდა, ერთი მაგარ ჰოლივუდურ „ქაჯანას" დადგამდა!
ახლა მიდის ლაპარაკი, ამდენი ხანძარი ჩაწყობილია, ბოროტი ხელი მოქმედებს თუ სიცხის გამო ჩნდებაო? მე თუ მკითხავთ, მთლად სიცხის ბრალიც არ უნდა იყოს (უბრალოდ ეჭვი მაქვს), თავიდან, როგორც ჩანს, იყო გეგმა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალდებოდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, სოლოლაკში ავარდებოდა და მის სახლსაც გადაბუგავდა. არ გამოვიდა, ეს გეგმა ჩაიშალა, აღარ ყიდულობს ხალხი იაფფასიან ილეთებს. ჩემი აზრით, საქართველოში არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ასეთი ამაზრზენი მეოდებით ცდილობს ქვეყნის არევა-დაქცევას. ვიმეორებ: ეს ჩემი ეჭვია, ნეტა ვცდებოდე. სხვათა შორის, ეჭვს მიძლიერებს ისიც, რომ ნებისმიერი ხანძრის დროს აშკარად ვხედავ ძალიან ბევრ გახარებულს. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, რატომ უნდა გიხაროდეს, როცა შენს ქვეყანაში რაღაც ფუჭდება? არა, ისიც მესმის, რომ ბევრი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს და უაზროდ ლაქლაქებს, მაგრამ ეს ხომ ყალბი ქულებია? ასე ხომ ყველა იშიფრება?!
მოკლედ, საქართველოში ვიღაცას ფეხი რომ გადაუბრუნდება, „ნაცები" იძახიან, ჩქარა „პუმები" ააფრინეთ, თორემ დავიღუპებითო. ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ ესენი საერთოდ გავიდნენ ნორმალური აზროვნების ზონიდან!", - წერს ზედელაშვილი.