logo_geo
eng_logo
გურამ დოჩანაშვილის წიგნის „ბრმადყოფილზე. და ... “ პირველი ტომის პრეზენტაცია მოეწყო
- +

19 დეკემბერი. 2015. 16:53

„ბრმადყოფილზე. და..." - საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გურამ დოჩანაშვილის თხზულების პრეზენტაცია გაიმართა. მწერლის თქმით, მას უწმინდესმა მისცა ძალა, რომ ამ ასაკში დაეწერა.

 

„უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა. სასიხარულოა მკითხველებისგან ამგვარი სიყვარულის მიღება...", - განაცხადა დოჩანაშვილმა.


გურამ დოჩანაშვილი სამების ლავრაში ორი წელი ცხოვრობდა, რათა ეს ნაწარმოები შეექმნა.


ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც. ღონისძიება პოეტ რატი ამაღლობელს მიჰყავდა.


პრეზენტაციაზე არქიმანდრიტმა ელისემ განაცხადა, რომ გურამ დოჩანაშვილი ღმერთმა გამოარჩია და მან ჭარმაგობის ასაკშიც შეძლო შეექმნა დიდი თხზულება. არქიმანდრიტის თქმით, მწერალი უწმინდესს დაჰპირდა, ნაწარმოებს 2 წელიწადში დაასრულებდა, თუმცა  7 წელი დასჭირდა.



ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სახარებისეული თემა ბრმადყოფილის შესახებ. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახარებისეული თემები გურამ დოჩანაშვილისათვის დამახასიათებელია. „სამოსელი პირველს" სწორედ ძე ცდომილის შინ დაბრუნების ამაღელვებელი იგავი უდევს საფუძვლად.



რატი ამაღლობელმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი ქართველი მკითხველის სიყვარულსა და მოწონებას დაიმსახურებს.


„დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ისეთივე განუზომლად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართველი მკითხველის გულებსა და გონებაში, როგორც ბატონი გურამის სხვა  ნაწარმოებებმა დაიკავა, რომელიც მკითხველმა აიტაცა, ახსოვს და უყვარს", - აღნიშნა ამაღლობელმა. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner