„გარდაიცვალა უმბერტო ეკო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ინტელექტუალი", - იუწყება „Corriere della Sera".
უმბერტო ეკო გახლდათ იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის" ავტორი. შარშან გამოიცა მისი ბოლო რომანი „ნულოვანი ნომერი" .
უმბერტო ეკო 1932წლის 5 იანვარს დაიბადა პიემონტის ოლქის ქალაქ ალესანდრიაში.
უმბერტო ეკომ 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით - „წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა"", რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, „შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება" მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. 1959 წელს უმბერტო ეკო ტოვებს ტელევიზიას და მუშაობას იწყებს მილანის საგამომცემლო სახლში „ბომპიანი", მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.
ამ წლების განმავლობაში, ეკო იწყებს იმ დროს ახლად წამოჩიტული მეცნიერების, სემიოტიკის იდეების დანერგვას საკუთარ შრომებში და ღია ტექსტის იდეაზე ფიქრს, რასაც მოჰყვა 1962 წელს დაწერილი წიგნი „Opera aperta" („ღია ნაწარმოები").
ფილოსოფიური პრობლემატიკის პარალელურად, უმბერტო ეკო იწყებს ფიქრს ნამდვილ ლიტერატურაზე და 1980 წელს წერს თავის პირველ ლიტერატურულ, არასამეცნიერო ნაწარმოებს. რომანმა „ვარდის სახელი" მას ნამდვილი აღიარება მოუტანა.
უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები „გუშინდელი დღის კუნძული", „ბაუდოლინო"" და „დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი".