ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ამ რამდენიმე წლის წინ, ჩემმა სტუდენტებმა ბლიც-ინტერვიუ ჩამომართვეს.
შეკითხვაზე, ვინ არის თანამედროვეთაგან ჩემთვის კლასიკური ტიპი ქართველი პატრიოტისა,
უყოყმანოდ ვუპასუხე: ანზორ ერქომაიშვილი!
პატრიოტიზმი - პროფესიონალიზმია!
პატრიოტიზმი - უანგარობაა!
პატრიოტიზმი - თავდადებაა!
პატრიოტიზმი - დაუღლელობაა!
პატრიოტიზმი - თავმდაბლობაა!
პატრიოტიზმი - ზნეობრიობაა!
პატრიოტიზმი - წინაპრებისადმი მოწიწებაა და მათი საქმის გაგრძელებაა!
პატრიოტიზმი - თანამოძმეთა სიყვარულია!
გავაგრძელო?..
არ დავიღლები იმ თვისებების ჩამოთვლით, რომლითაც სამშობლოს ემსახურება და ცხოვრობს ეს ღვთისნიერი კაცი!
ჰოდა ასეთი კაცი დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს, 77 წლის წინათ.
ამიტომაც მიყვარს ეს დღე!
აქამდეც მიყვარდა და მინდა კიდევ ას წელს მიყვარდეს და მქონდეს ბედნიერება ასე გულწრფელად, ასე მოურიდებლად და საჯაროდ ავუხსნა მას სიყვარული და მივულოცო დიდი ლადოს შეძახილით:
„და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!"
ბრძენთ უთქვამთ: საქმემან შენმან გაგაჩინოს შენ! - ამ კაცმა თავისი მორიდებული და ტიტანური შრომით არა მარტო ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებაში, არამედ უამრავი მეგობარი შესძინა სამშობლოს და ასეულობით ნიჭიერი უცხოელი აამღერა ქართულად!
მადლობა, ანზორ!
მეამაყები!
იდღეგრძელე!
P.S. „რეპორტიორი" ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს 77-ე იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!