logo_geo
eng_logo
„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით“
- +

11 აპრილი. 2016. 15:05



ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა,"- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.



დუბაიში მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა.


გიორგი კვირიკაშვილმა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობების როლს აღნიშნულ პროცესში.



დღეს ჩვენ, როგორც ქვეყნების მმართველები, ვაწყდებით რთულ გამოწვევებს და მზარდ მოთხოვნებს. ეს გამოწვევები თავს იჩენს, როცა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა რთულ, ურთიერთდაკავშირებულ და სწრაფად ცვალებად გარემოში. ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მმართველობის სტრუქტურები, გახდნენ უფრო ღია და ჩართონ საზოგადოება და კერძო სექტორი გაუმჯობესებული და მდგრადი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში. 21- საუკუნე მთელ საზოგადოებას უკანონებს ახალ წესებს და ამ პროცესში მთავრობებმა უნდა შეასრულონ ლიდერის როლი", - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.



როგორც იცით, საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა.



მისი განმარტებით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია - ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ღია მმართველობა.



გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ეს სავაჭრო მარშრუტი დიდ სარგებელს მოუტანს პროექტის მონაწილე ქვეყნებს.



დუბაის საინვესტიციო ფორუმის მთავარი თემაა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალი მსოფლიო: მახასიათებლები და საუკეთესო პრაქტიკა". კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და შეხვედრაში მონაწილე კომპანიების პრეზენტაციების გაცნობაა. ღონისძიების სტუმრები განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ახალი ინვესტიციების განხორციელების გზებსა და საშუალებებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner