ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტებით, შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იქ ჩასული საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი დაინტერესების გამო გადაწყვიტეს.
საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ედუარდ შევარდნაძის ძმის შვილის ნუგზარ შევარდნაძის საკუთრებაა და იგი მზადაა, რომ სახლი მუნიციპალიტეტს გადასცეს.
ედუარდ შევარდნაძე (1928-2014) საქართველოს მეორე პრეზიდენტი 1995-2003 წლებში იყო. მან პოლიტიკური საქმიანობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.
იგი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საბჭოთა საქართველოში. შევარდნაძე 2003 წელს გადადგა ვარდების რევოლუციის შემდეგ. მოქალაქეები აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და მისი პრეზიდენტობის დროს გავრცელებულ კორუფციას.