ევროპაში მყოფ ქართველ კრიმინალებზე საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ,,პრაიმტაიმთან" ისაუბრა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქართველი კრიმინალები არიან, ხშირად უცხოურ პრესაში მათ შესახებ ინფორმაცია გაზვიადებულია, რაც კონკრეტული ძალების ინტერესია.
„საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი, რაც პოზიტიურად აისახა კიდეც ევროკომისიის ანგარიშში. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კუთხით დიდი სამუშაო გასწია.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველ დამნაშავეებს, არ დაგიმალავთ და ეს მართლაც პრობლემაა. მაგალითად, გერმანიაში არის ფედერალური მიწები, სადაც გაზრდილია ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი. ვიზიტისთვის მე შევარჩიე სწორედ ის მიწები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რათა ადგილზე მიმეღო დეტალური ინფორმაცია და ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად, კონკრეტული სამოქმედო გეგმები დაგვესახა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველები, ამ მხრივ, ლიდერები ნამდვილად არ არიან. მაგალითად, ბავარიაში, ეთნიკური თვალსაზრისით, ქართველი დამნაშავეები 23-ე ადგილზე არიან, სხვა დამნაშავეებთან შედარებით. ის, რაც უცხოურ პრესაში იწერება, საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა, ხშირად გაზვიადებულია. ვფიქრობ, ეს ზოგჯერ მიზანმიმართულად ხდება. მოგეხსენებათ, არიან ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზა-ლიბერალიზაცია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრი საუბრობს ქმედით ღონისძიებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების მინიმუმამდე შემცირებას.
„ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მინიმუმამდე შემცირდეს. სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მე ამ მიმართულებით აქტიურად ვიმოქმედებ.
მე გამოვხატე მზაობა, რათა ერთად დავამარცხოთ ქართული კრიმინალი გერმანიაში. ეს ადამიანები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სახელს, იმიჯსა და რეპუტაციას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ტომას დე მეზიერმა ჩემთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე ათას არაკეთილსინდისიერ ქართველს ჩვენს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს ვერ გავაფუჭებინებთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.