საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა.
თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს.
მასპინძლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.
საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.