logo_geo
eng_logo
კახა ცხადაძე: საკუთარ სამშობლოში ძალიან ცუდად მომექცნენ
- +

11 აპრილი. 2016. 15:51


 

კახა ცხადაძემ გასულ ხუთშაბათს ჩაიბარა ალმათის „ქაირათი" და ორ დღეში სადებიუტო გამარჯვების მოპოვებაც მოასწრო. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით ალმათელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია „ატირაუსთან" გასვლით შეხვედრაში 1:0 გამარჯვებით შეწყვიტეს. „ქაირათი" წელგამართული და ამბიციური კლუბია და ამას კლუბის ლეგიონერებიც მოწმობენ: ლონდონის „არსენალისა" და „ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელები - ანდრეი არშავინი და ანატოლი ტიმოშჩუკი. მოკლედ, კახა ცხადაძეს საინტერესო და, იმედი ვიქონიოთ, წარმატებული სამუშაო ელის. ქართველ მწვრთნელს „ატირაუს" „ატირებისთანავე" შევეხმიანეთ და ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალ კლუბზე, ვლადიმერ ვაისსა და საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ ამბებზეც ველაპარაკეთ:


- საწყის სამ ტურში „ქაირათს" მოგება არ ჰქონდა და ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში, პოზიციური თამაში უნდა დამელაგებინა. მიხარია, რომ ფეხბურთელებმა დავალებები მალევე გაითავისეს და მეტ-ნაკლებად, შეასრულეს კიდეც. ბევრს ვუტევდით, საგოლე ეპიზოდებიც გვქონდა, მაგრამ ძალიან ცუდ მინდორზე მოგვიწია თამაშმა. ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, ალბათ, სულ პირველი თაობის ხელოვნური საფარია. სწორედ ცუდი მოედნის ბრალია, უპირატესობა და საგოლე მომენტები გატანილ ბურთებში რომ არ აისახა.


- ახალი შეგირდებით კმაყოფილი ხართ?


- დიახ, ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, რომ ასეთ მინდორზე სათამაშოდ არა მხოლოდ ოსტატობა, არამედ მტკიცე ხასიათიც აუცილებელია. „ატირაუსთან" შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე მოვისაკლისეთ. ერთ-ერთმა, კლუბის წამყვანმა ცენტრალურმა მცველმა, ტრავმა მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, მოთელვისას მიიღო მოედნის ცუდი საფრის გამო! არშავინსა და ტიმოშჩუკს ყველა იცნობს, მაგრამ მათ გარდა, გუნდში არიან სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც, რომლებიც წლებია, ერთად თამაშობენ და ერთმანეთის კარგად ესმით. „ქაირათმა" აუცილებლად უნდა დაიბრუნოს ის პოზიცია, რაც ყოველთვის ჰქონდა ყაზახურ ფეხბურთში.


- არშავინი და ტიმოშჩუკი ახსენეთ - კლუბში სახელის გამო არიან თუ ძველებურად თამაშობენ მაღალ დონეზე?


- ხშირად კითხულობენ ხოლმე, „ბაიერნში" და „არსენალში" ნათამაშებმა ფეხბურთელებმა ყაზახეთში როგორ უნდა ითამაშონო, მაგრამ მერწმუნეთ - მოედნის ცუდი საფრის მიუხედავად, ორივე თავდაუზოგავად იბრძოდა, განსაკუთრებით კი, ტიმოშჩუკი, რომელმაც უდიდესი სამუშაო შეასრულა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.


- რამდენიმე დღეა, რაც „ქაირათი" ჩაიბარეთ, აზერბაიჯანულ პრესაში კი უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს ყაზახეთში ქართველი ფეხბურთელები მიგყავთ. კონკრეტული მოთამაშეც დასახელდა - ბაქოს „ინტერის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

 

- ნიკა ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასთან დაკავშირებით არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა. მე ჩემი საქმე მაქვს და სატრანსფერო საკითხებში არ ვერევი, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ - უახლოესი თვეების განმავლობაში არც კი განიხილება არათუ ქართველების, საერთოდ, არც ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი.


-  მაგრამ თქვენს გაწვრთნილ კლუბში ყოველთვის იყო რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი...


- როცა კლუბს დიდი მიზნები აქვს, ფეხბურთელების არჩევანიც დიდი უნდა იყოს. მით უმეტეს, არის პოზიციები, სადაც გაძლიერება არ გვაწყენდა. თუმცა ყაზახურ ფეხბურთს თავისებური რეგულაციები და შეზღუდვები აქვს და ლეგიონერების დამატება იოლი არ არის.


- კლუბის ინფრასტრუქტურით რომ კმაყოფილი ხართ, ცნობილია. რაც შეეხება ჩემპიონატს, რაც უკვე ნახეთ - როგორია ყაზახეთის ჩემპიონატის სპეციფიკა?

 

- სისწრაფე და ძალისმიერი თამაში. შესაძლოა, კლასი ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ტემპისა და ორთაბრძოლების ხარჯზე მატჩების უმეტესობა დაძაბული და საინტერესოა, უფრო დეტალურად კი ჩემპიონატს და მეტოქეებს მომავალ თამაშებში შევისწავლი.


- ჩაიბარეთ კლუბი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა საქართველოს ნაკრებში თქვენი შემცვლელი ვლადიმერ ვაისი... როგორ უყურებთ ამ ამბავს? სლოვაკმა თქვა, რომ ერთმანეთს იცნობთ - თურქეთში შევხვდით და კარგი დამოკიდებულებაც გვაქვსო...


- ასეც არის. ვაისს დიდ პატივს ვცემ, ერთმანეთს ყოველთვის თბილად ვხვდებით და წარმატებას ვუსურვებ. სლოვაკი არაფერ შუაშია იმასთან, რაც მოხდა. მე კი ძალიან ცუდად მომექცნენ საკუთარ სამშობლოში... მე და ჩემს ოჯახს ნამდვილად არ დაგვიმსახურებია ის ნერვიულობა, რაც ორი თვის განმავლობაში გადავიტანეთ... უკანასკნელი თვეების განმავლობაში სფფ-ის ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთხელ შემხვდა, ჩემთან შეხვედრის სურვილიც კი არ გასჩენიათ. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი და ფულთან დაკავშირებული სპეკულაციებიც მხოლოდ თამაში გახლდათ.


- ფედერაციის შემოთავაზებულ პირობებს რომ დათანხმებოდით? რატომ იყო მიუღებელი საბონუსე სისტემა?


- დაითვალონ და ყველა დარწმუნდება, რომ რაც ვაისის ხელფასის სახით და ჩემს კომპენსაციად უნდა გადაიხადონ, იმდენივე თანხა გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი, მემუშავა! რაც შეეხება ბონუსურ სისტემას, კიდევ ერთხელ ვამბობ - თავისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, 25%-ის დაკლებაზე თავად დავთანხმდი. საბოლოო ჯამში, იგივე თანხა გამოდიოდა, რაც ახლა უნდა გადაიხადოს ფედერაციამ. თუმცა ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკე და იმავეს გამეორებას აზრი არა აქვს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დაუმსახურებლად, უსამართლოდ მომექცნენ.


- უყურეთ საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩს?


- არა. საქართველოში არ ვიყავი... თუმცა ნაკრების ფეხბურთელებს ველაპარაკე. რამდენიმე მათგანმა ამ დღეებშიც დამირეკა და მომილოცა... მათ და საქართველოს ნაკრებს მეც წარმატებას ვუსურვებ!


- წლის დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებოდით?


- არათუ ვერ წარმოვიდგენდი, თუ დამიჯერებთ, ამ ამბის გაგების შემდეგ, მთელი ჩემი ოჯახი დეპრესიაში იყო... ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. წლების განმავლობაში მქონდა ძალიან კარგი და სტაბილური სამსახური, მაგრამ დავბრუნდი სამშობლოში, რათა რითიც შემეძლო, დავხმარებოდი ქართულ ფეხბურთს... რა მოვასწარი და რა - ვერა, მეორე საკითხია, მაგრამ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს... და რაც მთავარია, დიდ მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი!


რატი შელეგია

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner