აშშ-სა და კორეას შორის ბოლო დღეებში გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ლელა კაკულია ოფიციალურ facebook გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დღითი-დღე გამწვავებული და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დღეს ქალბატონი ლელას იმ წინასწარმეტყველებებს შეგახსენებთ, რომლებიც ამ თემაზე აქვს წარმოთქმული, ჩაწერილი და გამოქვეყნებული წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს.
საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმია, როგორც ამას ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, მზადაა, ნებისმიერ დროს შეუტიოს კუნძულ გუამზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, ვინაიდან, თურმე, ნუ იტყვით, "ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა "ანდერსონი", სადაც სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული, ნერვებს უშლის კორეას".
ახლა ქვეყნებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო მწვავდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლითა და მძვინვარებით" დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ შტატებს რაიმე სახის საფრთხე შეექმნება.
ამას მალევე მოჰყვა პასუხი კორეის სტრატეგიული ძალების სარდლისგან. კერძოდ, კიმ რაკ გიომამ განაცხადა:
"აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ რაღაც სისულელეს ლაპარაკობს "ცეცხლსა და მძვინვარებაზე". ეს კორეის სახალხო არმიის გამძვინვარებულ რაკეტებს ნერვებს უშლის. დიალოგი ამ უგუნურ ბიჭთან შეუძლებელი, მასზე ზემოქმედება მხოლოდ აბსოლუტური ძალითაა შესაძლებელი".
გარდა ამისა, კორეელი სარდალი აცხადებს, რომ მათი ოთხი რაკეტა იაპონიის პრეფექტურებს: სიმანეს, ჰიროსიმასა და კოტის გადაუფრენს.
ამას უკვე იაპონიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გუამის მიმართულებით გაშვებული ჩრდილოკორეული რაკეტები ჩამოყაროს...
მოკლედ, დაძაბულობა პიკს აღწევს და ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ თემისკენაა გადატანილი.
ჩვენ კი კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ წინასწარმეტყველებები:
1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.
ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.
ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოჰყვება დიდი სკანდალები. ეს "ატომურ ბომბს" შეეხება. დიდი ომის შემდეგ ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი! კორეა სანდო არ არის.
1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათი.
მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციები ძალიან დაიძაბება. აღმოსავლეთის ქვეყნები ნელ-ნელა პირველ ადგილს იკავებენ. ამერიკა დაბნეულია, ვხედავ: ვეღარ არეგულირებს ჩინეთს, ისრაელს, ირანს, ლიბანს და ა.შ. უთანხმოება აქვს კორეასთან, მაგრამ მალევე ჩააქრობენ სირთულეებს. იაპონიაც აურევს.
საბოლოო ჯამში, ამერიკა კი აჯობებს აღმოსავლეთს, მაგრამ საკუთარ სისუსტესაც გამოამჟღავნებს.
ამერიკის ახალი პრეზიდენტი ურთულესი პიროვნებაა, დიდი ნაციონალისტია. ძალიან დაუპირისპირდება მუსლიმებს, ღია თამაშს დაიწყებს, რომ იტყვიან, რქებით მიაწვება ბოლომდე. ეს ძალიან შეაშინებს აღმოსავლეთის ქვეყნებს და ატეხენ ყვირილს, რომ პრეზიდენტი მუშტით ელაპარაკება მათ და არა პოლიტიკით. ვხედავ, რომ ეს სწორი პოზიციაა.
2006 წელი, 22 მარტი.
ჩინეთ-ირანის ალიანსი მსოფლიოს ააფორიაქებს; პლიუს კორეა.
2006 წელი, 2 დეკემბერი.
კორეა და რუსეთი ერთმანეთს დაეჯახებიან. ეს ამერიკას ძალიან აწყობს - ყველაფერი მათი, ამერიკელების ჩაწყობილია.
2009 წელი, 24 ივნისი, თბილისი.
ვხედავ, ჩრდილოეთ კორეის ის განცხადებები (რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე და დღეს ყველაფერი ზუსტად სრულდება), რომელთაც იგი ამერიკის წინააღმდეგ აკეთებს, ძალიან ჰგავს რუსეთის მთავრობის თავხედურ განცხადებებს ევროპისა და ამერიკის მიმართ... პირდაპირ ვხედავ, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაში რუსეთის ხელი ურევია, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ჩრდილოეთ კორეას მომავალში. მათი მუქარა, რომ ამერიკას გაანადგურებენ, დიდი პროვოკაციაა და ეს ყოველივე რუსეთის დიდ ინტერესებში შედის: ომი, რომელიც ამერიკას აგრესორად წარმოაჩენს, მერე, რუსეთის წარმოსახვით, ამერიკა დაკავდება ამ ომით (და ვიღას ემახსოვრება კავკასია და ევროპის ქვეყნები?), აქ ჩაერთვება ირანიც და რუსული მთავრობა, კვლავ თავისი წარმოსახვით, დაიკავებს ზესახელმწიფოს ადგილს და ა.შ.
...
ამერიკა ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. იქნება დიდი მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპს, ამერიკა მოუგებს ჩრდილოეთ კორეას - ადგილზე მოსვამს ლამაზად. ამის პარალელურად, ამერიკელები საქართველოზეც იმუშავებენ და ვხედავ, ძალიან დააჩქარებენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ეს უკვე რუსეთის ჯიბრზე, ზუსტად იმ პოლიტიკის საპასუხოდ მოხდება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში გაატარებენ რუსები.
...
ჩრდილოეთ კორეამ თავი ყულფში გაყო. ასეთი დიდი პოლიტიკური შეცდომა არ უნდა დაეშვა ამერიკასთან, იმიტომ, რომ ამერიკა რვაფეხასავით აამუშავებს უხილავ საცეცებს და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ჩრდილოეთ კორეას. თითქოს იწყება დიდი ომი, მაგრამ ვხედავ, ომი არ იქნება.
...
მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ბაზებზე და საიდუმლო ობიექტებზე მოხდება დიდი აფეთქებები, ანუ სერიალები აფეთქებებისა. საინტერესო ის არის, რომ ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ თითქოს. არადა, ამაში ამერიკის ხელი ურევია. მაგრამ თუკი ჩრდილოეთ კორეამ ამერიკასთან წამოიწყო ომი, რუსეთი რა შუაშია? განა პირიქით არ არის? მაგრამ ზუსტადაც რომ რუსეთის ხელი ურევია!
საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეა არა მარტო ევროპა-ამერიკისთვის ხდება საშიში, არამედ თავად რუსეთისთვისაც; თანაც ტერიტორიულად არც ისე შორსაა. რუსეთი ამ ანკესს წამოეგება და ეს იქნება ამერიკის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება. ესე იგი, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის დაპირისპირების მნახველნი ვიქნებით. ამინ!
2011 წელი, 5 მარტი.
ბოლოს და ბოლოს, აფრიკის ქვეყნები კი შეუდგებიან დემოკრატიულ გზას, მაგრამ ირანი? გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები ირანთან დაკავშირებით. ამავე დროს ჩინეთშიც აირევა ყველაფერი (ესეც მაქვს დანახული 1992-1993 წლებში), ასევე კორეაშიც.
აი, სად დუღს ვულკანი, რომელიც მალე ამოხეთქავს და თითქმის ყველაფერს წალეკავს. ეს მესამე მსოფლიო ომია. დიდ პოლიტიკაში დაშვებულ უდიდეს შეცდომებს მომავალში, ვხედავ, მწარედ მოიმკიან.
2012 წელი, 10 იანვარი, ურეკი.
ვხედავ, ჩრდილოეთ კორეა დიდი ცვლილებების წინაშე დადგება. ძველი რეჟიმი შერყეულია. ახალი მთავრობა და მათი პრეზიდენტი არ გაამართლებს. ჩრდილოეთ კორეაში ყალიბდება ახალი, ძლიერი ოპოზიცია. ასეთი ოპოზიცია დიდი ხანია, არ ჰყოლიათ. მთავრობა ყოველთვის მკაცრად უსწორდებოდა მათ. მაგრამ ახლა ძალიან სუსტი მმართველი მოვიდა სათავეში და დაიწყება დიდი პრობლემებიც. აქ, რა თქმა უნდა, ამერიკაც დიდ როლს თამაშობს. ჩრდილოეთ კორეა "ატომს" ფლობს და ამით მსოფლიო პოლიტიკაში ვაჭრობს - ამ იარაღით, ასე ვიტყოდი, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მაგრამ მომავალში ორად გაყოფილი სახელმწიფო - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა აღარ იარსებებს. გაერთიანდებიან. კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა აღარ იარსებებს.
სხვათა შორის, რუსეთი თვითონ შეუწყობს ხელს ამ პროცესებს, დაეთანხმება ამერიკას.
2012 წელი, 21 მარტი, თბილისი.
იაპონიას ძალიან უჭირს, მაგრამ ზურგზე არ ეცემა. პირიქით, ატარებს სამხედრო წვრთნებს - აქეთ ხომალდები დაცურავენ, იქით თვითმფრინავები დაფრინავენ და რაკეტები მიშვერილი აქვთ ჩრდილოეთ კორეისკენ.
2012 წელი, 5 აპრილი, თბილისი.
ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანდება-მეთქი. ეს ყოველივე ასი პროცენტით ასრულდება. გაერთიანებული კორეა კი გადაიქცევა ერთიან, მთლიან, ძლიერ სახელმწიფოდ - თავისუფალ სახელმწიფოდ. ვხედავ, იქ ამერიკული და რუსული ზეგავლენა ძალზე შესუსტებული იქნება. პოლიტიკა "დაყავი და იბატონე" იმ დროისთვის აღარ იარსებებს, ხოლო ამერიკა და რუსეთი კი ამ პოლიტიკურ თამაშში წამგებიან პოზიციაში დადგებიან.
კორეის გაერთიანებულ სახელმწიფოს, ვხედავ, სულ სხვა გეგმები ექნება. ამერიკა ზეწოლებს შეასუსტებს და გაატარებს ძალიან რბილ პოლიტიკას, თუმცა ეს თამაში დიდხანს არ გაგრძელდება. შეიცვლება კორეის მთავრობა. მოვა ხალხი, რომლებიც კვლავ ამერიკულ პოლიტიკას გაატარებენ.
დიდი პოლიტიკური ომი იქნება რუსეთ-ამერიკას შორის, მაგრამ რუსეთი ამ ომს წააგებს. ვიმეორებ: რუსეთი დაკარგავს კორეაში გავლენას.
2013 წელი, 15 თებერვალი.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა, თავაშვებული ქმედებები, აქამდეც აფორიაქებდა მსოფლიოს ქვეყნებს, მაგრამ ახლა კიდევ მეტად აფორიაქდებიან და ვხედავ, როგორ გასრესენ მას პოლიტიკურ ჭრილში. ჩრდილოეთ კორეას დაუწესებენ უმძიმეს სანქციებს - კი არ ილაპარაკებენ, არამედ მოქმედებებზე გადავლენ. იმავდროულად შეეცდებიან დააკანონონ ბირთვული იარაღის გამოყენების, გამოცდის აკრძალვა. ამერიკა წამოაყენებს წინადადებას, რომ გადაიხედოს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და დაიწყონ მისი გაცხრილვა, ანუ, რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ქვეყნების რაოდენობა. ეს კანონი ნამდვილად საჭიროა, იმიტომ, რომ მომავალში ვხედავ, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიხმარს ამ იარაღს პრინციპით "ჩემია და სადაც მინდა იქ ვისვრი!"
...ასე რომ, ჩრდილოეთ კორეის ქმედებებით გაღიზიანებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ძალიან მკაცრ წნეხში გაატარებენ მას.
2013 წელი, 9 აპრილი.
მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო დაიძაბება. წავა დიდი, ფსიქოლოგიური ომი. ეს კი მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობაა. ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრება, პირდაპირ განაცხადებს, რომ დაწყებული ატომური ბომბიდან, ყველა სახის იარაღს გამოიყენებს და დაარტყამს ამერიკას, მის სამხედრო ბაზებს და ა.შ. მსოფლიო კი ხუმრობის ხასიათზეა. მოკლედ, არ სჯერათ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებებისა. ფრთხილად, ბატონებო! სჯობს სერიოზულად მოეკიდოთ ფხენიანის განცხადებებს...
...
რუსეთი მხარს უბამს ჩრდილოეთ კორეას. ვხედავ შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებენ და ამით ამერიკის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
ასეა, ამერიკელი "დემოკრატები" ძნელად წყვეტენ საკითხებს მაშინ, როცა საჭიროა პირდაპირი მოქმედებები, ეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. რაც ნამდვილად არ უჭირთ "რესპუბლიკელებს". ისინი სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, უკან არ დაიხევენ და დარტყმასაც განახორციელებენ.
...
მომავალში კორეა ერთიანდება და იქ ამერიკული პოლიტიკა გატარდება, ნატო-ს ბაზები განლაგდება(!!!), უსაფრთხოება დაცული იქნება, ხოლო კორეის ოთხმილიონიანი არმია არ იარსებებს! კორეა გადაიქცევა მშვიდობიან სახელმწიფოდ.
ეს მომავალში იქნება, დღეს კი ფხენიანი ომებს იწყებს, რაც ძალიან წამგებიანია კორეელი ხალხისთვის.
3 ნოემბერი, 2013 წელი.
სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეაში ტერაქტს მოუწყობენ ქვეყნის ლიდერს. ფრთხილად უნდა იყოს. თუმცა, გადარჩება.
2017 წელი, 11 მარტი, შაბათი, 20:30 საათი, თბილისი.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ამერიკა თავის პოლიტიკას გაატარებს და რაკეტებს კი არა, უარესსაც განათავსებს. საერთოდ კი მომავალში ერთიან, დიდ სახელმწიფოს - გაერთიანებულ კორეას ვხედავ.
2017 წელი, 26 აპრილი, 20:20 საათი, თბილისი.
ჩრდილოეთ კორეაზე ბევრი რამ მაქვს წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რაც სრულდება და ბოლომდე აუცილებლად ასრულდება.
ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად ფუჭია. ჩინეთთან ერთად ამერიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოა. აშშ თავის პროგრამას ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მაინც განახორციელებს, ანუ სარაკეტო სისტემას მაინც განალაგებს კორეის ნახევარკუნძულზე.
უნდა აღვნიშნო, რომ სარაკეტო სისტემების იქ განთავსებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ამერიკის ვერცერთმა პრეზიდენტმა ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან ყოველთვის იყო ავანტურისტული გამოხტომები რუსეთის მხრიდან, დაპირისპირებები, და ამერიკის პრეზიდენტებს ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიჰყავდათ.
დღეს კი სხვანაირი სურათი გვაქვს. ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაზე რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს კიდეც. მთავარი საა, რომ მის ქმედებებს აგრესიულს ვერ უწოდებენ, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკა ჭაობშია მოქცეული და ერთადერთი, ამერიკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გმირული ნაბიჯები გადაარჩენს მსოფლიო პოლიტიკას. ანუ სწორი ნაბიჯები.
...
ვხედავ, რომ რუსული პოლიტიკა შეეწირება ახლო აღმოსავლეთში გატარებულ ამერიკულ პოლიტიკას. რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად ვერაა ხასიათზე და ძალიან ჩაფიქრებულია, იმიტომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას გაასწრო. დიახ, ის არაფრის დამთმობი არ არის. ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ უფრო ძლიერი ჩანდეს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. ამიტომ გაგზავნა სამხედრო საზღვაო ხომალდები კორეის ნახევარკუნძულისკენ, რომელთა იარაღი პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაზეა დამიზნებული. ვხედავ, საომარ მზადყოფნაშია ჰაერიც, ზღვაცა და ხმელეთიც. და ამერიკის მიერ შეკრულ ამ ჯაჭვს - სამხედრო ჯაჭვს, რუსეთი კი არა, კოსმოსიც ვეღარ დაარღვევს.
ვხედავ ბრძანებას კოსმოსიდან, რომ ორი კორეა უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება კიდეც არა რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის დროშის ქვეშ.
ვხედავ, რუსეთისა და ჩინეთის თანადგომა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს ძალას აძლევს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი საჩვენებელ ბომბს აუფეთქებს ზედ თავზე და მაშინვე გამოფხიზლდება. შედეგად, თითქოს დაძაბულობა შეჩერდება, მაგრამ ამერიკა მაინც არ დაიხევს უკან არცერთ შემთხვევაში და მაინც დაარტყამს ჩრდილოეთ კორეას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და მეორეც, ამით დაანახებს მსოფლიოს, რომ ჩრდილოეთ კორეა - ეს არაფერი სახელმწიფო არ არის. დიახ, ვხედავ, რომ სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეა არ იარსებებს".