logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აუცილებლად უნდა გავამკაცროთ სამშენებლო რეგულაციები
- +

13 აგვისტო. 2017. 16:21


„მინდა შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის ეკოლოგია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღევანდელ facebook-მიმართვაში განაცხადა.

 

„არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ.

 

დღეს გარემოს რაც ყველაზე მეტად აბინძურებს, მგონია, რომ ეს არის ტრანსპოსტი და მშენებლობები. ასევე მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება. ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი.  სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა. პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არამხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმოება-აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა გავამკაცროთ სამშენებლო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისთვის და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში. პარალელურად, ჩვენ დავამუშავებთ პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიან ხედვას. მგონია, რომ მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა საკმარისი არ არის თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განვითარება-განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასათვის სასიამოვნო.

 

ასევე მნიშვნელოვანია თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები.

 

თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს.

 

ყველაფერი ეს, რაზეც მე ვისაუბრე, მთლიანობაში უზრუნველჰყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები იზრდებიან. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner