ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მიზნად ისახავს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს. ამასთანავე, უზრუნველყოფს იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომელიც მიმართულია რეგიონის მდგრად, ინკლუზიურ განვითარებაზე. პროექტის პრეზენტაცია დღეს გურიის გუბერნიაში გაიმართა. შეხვედრას გურიის გუბერნატორი გიას სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, გურიის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, პროექტის მონაწილე არასამთავრობოო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის განვითარების განყოფილების თანამშრომლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება. საბჭოს თავმჯდომარედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. „ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროექტი ტურიზმის განვითარების სამწლიანი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. პირველი წელი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევას დაეთმობა. მოხდება პრობლემების პრიორიტეტიზაცია და მათი სელექცია. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მცირე გრანტების პარალელურად გამოცხადდება ახალი კონკურსები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება. შედეგად გაიზრდება არამარტო მუნიციპალიტეტის, რეგიონის ცნობადობაც. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საბიუჯეტო შემოსავლებიც იმატებს," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს კოორდინატორს, თანა-ბენეფიციარს და პროექტით გათვალისწინებული გრანტის მიმღებს. იგი უზრუნველყოფს პროექტის ზოგად და ფინანსურ მართვას. ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ თანაბენეფიციარებს, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს განახორციელებენ. პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. ისინი, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები პროექტის ფინანსურ მართვასა და ფასილიტაციას უზრუნველყოფენ. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.