მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. ბ. და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ. ა., მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს რ. გ. - ს. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა", ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ხეზე მიაბეს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა 2016 წლის 6 დეკემბერს ზ. ბ. ქალაქ ქუთაისში, ხოლო გ. ა. ლილოს დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინათ, ხოლო გ. ა. - ს დამატებით 179-მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ. ა. - ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით, ხოლო ზ. ბ. - ს 7 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.