logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: აღარაა „მოდაში“ გმირები, აღარაა „მოდაში“ ვეტერანები...
- +

14 აგვისტო. 2017. 17:32


 

„დააფასეთ მეომრები, ვეტერანები, გმირები და ისინი მოუტანენ ქვეყანას გამარჯვებას! მანამდე კი მუდამ ვიქნებით წაგებული ომების ქვეყანა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამ ფოტოზე ომის გმირები არიან. წაგებული ომის გმირები... მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, ჩემი საყვარელი ადამიანების: საშკა იოსელიანი, ირაკლი ამირეჯიბი, ლევან აბაშიძე, მამუკა ჯორჯიაშვილი, დათო ბოლქვაძე, თიო გაბუნია, ჩემი პატარა ძმა - 18 წლის გიორგი რაზმაძე...

 

გიორგის სახელიც წერია იქ, იმ მემორიალზე სადაც დღეს დილიდან მიდიან უწყვეტ ნაკადად და პატივს მიაგებენ დაღუპული გმირების ხსოვნას... გორგასალის ორდენიც გვაქვს. „სიკვდილის შემდეგ" - ასე აწერია...

 

მე არ მივსულვარ იმ კედელთან დღეს. მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ომი გადავიტანეთ და მაინც ვერაფერს მიხვდა საზოგადოების უმრავლესობა... აღარც იმის მჯერა უკვე, რომ იმათ, ვინც დიდის ამბით ტელეკამერების წინ გვირგვინებით ამკობს გმირების საფლავებს, თვითონ სჯერათ, რომ გმირია ის ჯარისკაცი...

 

აღარაა „მოდაში" გმირები, აღარაა „მოდაში" ვეტერანები...

 

მხოლოდ „ფასონად" ხანდახან... ძველმოდურები გახდნენ...

 

არადა, არცერთი ომი არ წაუგიათ იმ გმირებს, ვისაც ასე ამადლით დღემდე საკუთარ თავებს... საზოგადოებამ წააგო ეს ომები! დიახ, თითოეულმა ადამიანმა, ვინც სიძულვილით და ფარისევლობით აავსო ქვეყანა, ვინც სულ მტერს ეძებს საკუთარ ხალხში, საკუთარ თანამოქალაქეებში, საკუთარ მეგობრებშიც კი! თქვენ წააგეთ ეს ომები, ვინც დღემდე ილანძღებით და იმის ნაცვლად, რომ ომის ვეტერანებს უბრალოდ მადლობა მაინც უთხრათ, რომ საკუთარი სიცოცხლეს თმობდნენ თქვენი წილი სამშობლოსთვისაც - დღედაღამ არ იღლებით მათი სახელის გატეხვით და ტალახის შესხმით.

 

მეოთხედი საუკუნე გავიდა და იმის ნაცვლად მეომარი და ვეტერანი დააფასოს ქვეყანამ, პირიქით უამრავ არამზადას აძლევს უფლებას, აქეზებს, რომ ვეტერანებზე და ომის გმირებზე საძაგლობები დაამკვიდრონ.

 

რა აღარ გამოიარა ამ ხალხმა. ტყვიები, მეგობრების ხელში ჩაკვდომა, მერე მადლობის ნაცვლად ციხეები და სახელმწიფოს მხრიდან სრული დისკრედიტაცია, ხან ყაჩაღის და ხან „მხედრიონელის" ძახილი (ესეც სახელმწიფო პოლიტიკის შთაგონებებით).

 

და მოტყდა ბოლოს ვეტერანი... მოტყდა მეომარი, მოტყდა გმირი...

 

და რჩებიან ისინი, ვინც გმირებს ხელს აუქნევს, სახელს გაუტეხს. რჩებიან ისინი, ვინც ომში დაიმალება და სუფრაზე პირველი გამოიჭიმება. რჩებიან ერთი ზედმეტი ლუკმის წაგლეჯვის გამო ადამიანების, მეგობრების დამსმენები და სიყალბით სავსე პათოსის დამამკვიდრებლები... მატყუარები და გაუტანლები...

 

გმირები კი მიჩქმალეს ასეთებმა, მტრებად გამოაცხადეს ვეტერანები, ერთმანეთს ასწრებენ ვინ უფრო მაგრად გალანძღავს და ამით წარმოაჩენს საკუთარ თავს...

 

საერთოდ არ მინდოდა დღეს არაფრის დაწერა, მაგრამ ერთერთმა ვეტერანმა აქ facebook-ზე გაიხსენა როგორ ვიყავით ერთად ომში, მოგვნიშნა რამდენიმე ადამიანი და ეგონა... არც ვიცი რა ეგონა, მაგრამ ის რაც მოხდა და ის რაც ახლაც ხდება მის სტატუსზე, ის სიძულვილი, ის ლანძღვა-გინება, ის ზიზღი და ბოღმა საზოგადოებაში - არის სწორედ მთავარი მიზეზი ყველა იმის წაგებული ომების საქართველოში!...

 

აი ამიტომ არ გავედი მემორიალთან დღეს - მეოთხედი საუკუნის თავზე ჩვენი დიდი ტკივილის...

 

სანამ საზოგადოება ასე მოექცევა ერთმანეთს, სანამ ქვეყანა ასე მოექცევა საკუთარ გმირებს და ვეტერანებს, სანამ ომში თავდადებულ მეომარს თავს დაამადლის ომის დროს ბუჩქებში ჩამალული, ან დუბაიში „საბარიგოდ" ნარბენი ვირთხა - მანამ ვერ მოვიგებთ ვერც ერთ ომს და მანამ ვიქნებით სულ წაგებული ქვეყანა!

 

იმისთვის, რომ გამარჯვება ეღირსოს ქვეყანას, უნდა დააფასოს საკუთარი გმირები და მეომრები! დააფასოს საქმით და არა ერთი ძუნძგლიანი გვირგვინის მიგდებით სასაფლაოზე და ისიც წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ ტელეკამერების წინ.

 

დააფასეთ მეომრები, ვეტერანები, გმირები და ისინი მოუტანენ ქვეყანას გამარჯვებას!

 

მანამდე კი მუდამ ვიქნებით წაგებული ომების ქვეყანა..." - წერს მაკა რაზმაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner