ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი განათლების მინისტრის, ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას, სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლის დარიგების შესახებ, შემდეგნაირად ეხმიანება:
„ჯეჯეს (ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს) უთქვამს, სექტემბრიდან ბავშვებს სკოლაში კვირაში ერთხელ თითო ვაშლი უნდა დავურიგოთ, ეს ჯანმრთელობის საწინდარიაო. ატყდა ერთი ამბავი პატივცემულ საზოგადოებაში: ვაჰაჰაჰა, მინისტრი კაცი რა სისულელეებს ჩმახავსო?! არადა, ყველამ ვიცით, რომ სკოლებში ვაშლის შეტანა მაგარი იდეაა, ჯერ ერთი, ტონობით ვაშლი აღარ დალპება, მეორე - ვაშლს ფასი დაედება, მესამე - ტენდერში გამარჯვებული რომელიმე ჯგუფი იხეირებს და ბიზნესს განავითარებს. ეგ კი არა, წელიწადის რა დროსაც რა ხილია, ყველა უნდა შევიტანოთ და ჩვენს სოფლის მეურნეობას მეტი არც უნდა, აღორძინდება (აქ ცოტა ვხუმრობ), აღარაფერს ვამბობ ბავშვების ჯანმრთელობასა და მრავალფეროვანი ვიტამინების მიღებაზე.
ბატონ მინისტრს ისიც უთქვამს, ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი ბაღ-ბოსტანიო. ამაზეც ატყდა ხარხარი, ბოსტანი არა, იხვის ტოლმაო. შეიძლება მომავალში იხვის ტოლმაც შევიტანოთ სკოლებში, მაგრამ ბაღ-ბოსტანი ნამდვილად არაა სასაცილო. ვისაც სოციალიზმის პერიოდში სოფლის სკოლაში უსწავლია, დამეთანხმება, რომ ყველგან არსებობდა ბაღ-ბოსტნები და შესაბამისად, შრომის გაკვეთილებიც. ვერ ვიტყვი, მუშაობით თავს ვიკლავდით-მეთქი, მაგრამ კვირაში ერთი-ორი საათიც საკმარისი იყო, რომ აზრზე მოვსულიყავით და კიტრი ბადრიჯნისგან გაგვერჩია. მაშინ სკოლებში ასევე არსებობდა ხელოსნობის გაკვეთილები, სადაც, ასე თუ ისე, ვსწავლობდით ხის სწორად გაჭრას და „ტაბურეტკის" გაკეთებას. დიახ, ჩვენ ყველას შეგვეძლო „ტაბურეტკის" გაკეთება დასაჯდომად და არა სასროლად. სამწუხაროდ, გახდა თუ არა საქართველო დამოუკიდებელი, შრომა და ეგეთი რაღაცები უცებ გადავარდა მოდიდან, ყველა ცრუ და მავნე გამოქანდა დედაქალაქისკენ, ვითომ განათლების მისაღებად. რა განათლება, რის უმაღლესი სასწავლებელი? ბევრი ვიცი, პრესტიჟული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ აკაკი წერეთელი მწერალი იყო თუ მუსიკოსი, დღესაც არ არიის აზრზე!
მოდით, გავიხსენოთ უახლოესი წარსული: მიშა სააკაშვილი თითს ბუჩქებისკენ იშვერდა და ბავშვებს მოუწოდებდა, იქ ხშირად შეეფარებინათ თავი. ბუჩქებში რაც ხდება, ქე ვიცით ყველამ და სწორედ ამიტომაც წაირყვნა ახალგაზრდების ერთი ნაწილი. ახლა ჯეჯეს რომ ეთქვა, სკოლებში „ექსტაზი" დავარიგოთო, დარწმუნებული ვარ, ბევრი მოიწონებდა და საინტერესო „მენიუსაც" შემოგვთავაზებდა. რა თქვა ასეთი კაცმა? ბავშვებს შრომა შევაყვაროთ და თითო ვაშლი შევაჭამოთ კვირაშიო, ხომ არ უთქვამს, ბუჩქებში ვაგორაოთ ათას ოხერთან და უჯიშოსთანო? სხვათა შორის, როდესაც მიხომ ასეთი „გენიოსური" რამ თქვა, რაღაც არ მახსოვს ასეთი სიცილ-ხარხარი და ცინიზმი, ლამის ყველამ დაუკრა ტაში!" - წერს ზედელაშვილი.