ყველანაირი ფოიერვერკი ღამის საათებში აიკრძალება და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დაწესდება. ამას ხმაურის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციები ითვალისწინებს, რომელიც 2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდება. განგრძობითი ხმაურით შეწუხებულ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, „112"-ში განახორციელოს ზარი, ხოლო რეაგირებას საპატრულო ეკიპაჟი მოახდენს. საქართველოს ტერიტორიაზე ხმაურის დონე ამიერიდან კანონის საფუძველზე გაკონტროლდება. როგორც „სითი კვირას" თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განუცხადა, განგრძობითი ხმაური რეალურად აყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას, კანონი დარეგულირებულია ევროკონვენციით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც ჰქონდა ამის ბრძანება, უბრალოდ არ იყო სანქცირების წესები. ახლა მხოლოდ და მხოლოდ სანქცირების წესები იქნა შემოღებული, რაც შეეხება მაკონტრელებელ უფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად საპატრულო დეპარტამენტს განესაზღვრა, რომელიც უკვე აღიჭურვა ე.წ ხმაურმზომებით", - განმატავს დეპუტატი.
მისივე თქმით, მოქალაქე, რომელიც ხმაურით შეწუხდება, დარეკავს „112"-ში და ადგილზე მივა შესაბამისი საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც გამოძახების კვადრატში მოძრაობს.
საერთო ჯამში, ხმაურის ზღვრული ნორმები 30-და 55 დეციბალის ფარგლებში მერყეობს, რომელთა გადამეტების შემთხვევაში პირველ ჯერზე ფიზიკური და იურიდიული პირები გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია ამოქმედდება კონკრეტული სუბიექტის მიმართ.
ფიზიკური პირი, პირველი გაფრთხილების შემდეგ მეორის ჩადენაზე დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით. მესამედ და მომდევნო ჯერზე დარღვევისთვის, ფიზიკურ პირს 300- ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიულ პირს 1000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება, ყოველ ჯერზე, წლის განმავლობაში.
თედო კობახიძის მოსაზრებით, ეს ძალიან ეფექტიანი ნაბიჯი იქნება, რადგან რეალურად ამხელა ჯარიმებს ვერავინ გაუძლებს და დაახლოებით ერთი თვის, ან თვენახევრის შემდეგ მოსახლეობა ამ კანონით პოზიტივს იგრძნობს.
„შეზღუდვა ეხება როგორც დღის, ისე ღამის საათებს. ღამის საათებში განისაზღვრება 23:00 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდში და, შესაბამისად, დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე - დღის საათები. საღამოს საათებში, ანუ ღამის თერთმეტიდან დილის 8 საათამდე ყველანაირი ფოიერვერკის გაშვება იქნება აკრძალული, გარდა ახალი წლის, 26 მაისის და კანონით განსაზღვრული ან თვითმმართველობის შეთანხმების შემთხვევაში განსაზღვრული დღეების", - განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე თქმით, კაფე-ბარების მეპატრონეები იძულებული ხდებიან, შენობა შესაბამისი ხმის დამხშობი ტექნიკით აღჭურვონ, რასაც უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესმენები გაგებით ეკიდებიან. რიგ შემთხვევაში უბრალოდ ჩაუწევენ მუსიკას და ნაკლები ხმაურის ფონზე იმუშავებენ, რომელიც შემაწუხებელი არ იქნება იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ხოლო ბიზნესი, რომელიც კონკრეტულად მაღალ ხმაურზე არის აგებული, მის მფლობელს მოუწევს შენობის იზოლირება, რათა ხმაურმა სხვა არ შეაწუხოს.
როგორც კობახიძე აცხადებს, ევროპულ ქვეყნებში ეს საკითხი კარგად არის დარეგულირებული, იქ შეიძლება მოქალაქე სახლში, ან სასტუმროში ცხოვრობდეს ხოლო შენობის პირველ და მეორე სართულზე 24-საათიანი კლუბი იყოს, თუმცა ამ კლუბის არსებობის შესახებ არც იცოდეს, ისეა შენობა იზოლირებული.
„ამ კანონის განხილვის დროს, საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ სასტუმროების მეპატრონეები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ გადამეტებული ხმაურის გამო მათ ბიზნესს ადგებოდა ზიანი. ბათუმში მდებარე სასტუმრო „ჰილტონის" მეპატრონე ამბობდა, რომ საერთოდ ბრენდი „ჰილტონი" გავიდოდა ბათუმიდან, თუ ეს საკითხი არ დარეგულირდებოდა, რადგან ხმაურის გამო, ხშირად სასტუმროში დაჯავშნილ ნომრებს სტუმრები ტოვებდნენ, მათთვის გაუსაძლისი ხდებოდა იქ დასვენება (საუბარია იყო კაფე-ბარებიდან გამომავალ ხმაურზე)", - აცხადებს თედო კობახიძე.
მისივე თქმით, პოლიციის აკადემიაში შესაბამისი გადამზადება ჩაუტარეს საპატრულო ეკიპაჟებს, თუ როგორ უნდა გამოავლინონ კანონდარღვევა და როგორ უნდა მოახდინონ ადგილზე დაჯარიმება. რაც შეეხება შესაბამისი მოწყობილობების შეძენას, ეს თანხა შიდა ასიგნებებიდან გამოიყო, დაახლოებით 100 000 ლარზეა საუბარი, რაც საკმარისი აღმოჩნდა საჭირო ტექნიკის შესაძენად.
ხმაურთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 2016 წლის 26 სექტემბერს შევიდა. პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.