ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რომან გვენცაძე... კაცი ლეგენდა!
გენერალი, რომელზეც დიდი სიყვარულითა და სითბოთი ლაპარაკობდა ყველა... მაშინ, როდესაც დამწყები, პატარა ჟურნალისტი ვიყავი, დიდი პატივი იყო მასთან ურთიერთობა. მის მისაღებში გავიცანი ატირებული ინგილო ქალი დარიკო, რომელმაც ასეთი ისტორია მიამბო - სვანი ქმარი მყავდა, სიმთვრალეში სასტიკად გვცემდა მე და ჩვენს პატარა 4 წლის გოგოსო. ერთხელაც, უთო აიღო და ბავშვის გაუთოვება რომ გადაწყვიტა, გონება დამებინდა და ნაჯახი ჩავარტყიო. მოვკალი საკუთარი ქმარი და არც ვნანობ, შვილს მიკლავდაო. თავის ფეხით ჩაბარდა პოლიციას თურმე, რომან გვენცაძემ არ დააპატიმრა, თავისუფლება აჩუქა, შემდგომ კი ქმრის ნათესავებმა ქალს ბავშვი მოსტაცეს, როსტოვში წაიყვანეს, გადამალეს. სწორედ ამიტომ იყო საბრალო ქალი მოსული მინისტრის მოადგილესთან. შემძრა ქალის ისტორიამ... ინტერვიუც ჩავწერე მასთან და ბატონი რომანის კაბინეტშიც შევყევი. გულთან მიიტანა რომანმა დარიკოს ამბავი, ოპერატიული ჯგუფი გამოყო და თავისივე ხარჯებით გაგზავნა როსტოვში. დედას შვილი დაუბრუნა. არ დამავიწყდება დარიკოს ბედნიერი თვალები, როგორ გვეხუტებოდა მე და ბატონ რომანს და ცრემლებს ყლაპავდა. მას მერე დიდი დრო გავიდა, ყოველთვის მაინტერესებდა ამ ქალის შემდგომი ბედი, არც არსად შემხვედრია არასდროს და რამდენიმე ხნის წინ მე და ჩემი მეგობრები, რესტორან „რიწაში" ვვახშმობდით. ნაცნობმა მუსიკოსებმა ჩემს საპატივცემულოდ სიმღერა იმღერეს და სახელი და გვარი გამოაცხადეს. ჩვენს მაგიდასთან მიმტანი მოვიდა, რომელი ხართ ნინო ჯღარკავა, თუ შეიძლება ერთი წუთით გამომყევით სამზარეულოში, ჩვენი მეხაჭაპურე ქალი ცრემლებად იღვრებაო. გავყევი და ხელში ინგილო დარიკო შემრჩა. უნდა გენახათ როგორ ჩამეხუტა, დამიჩოქა, ტიროდა და ლოცულობდა, მთელი ეს წლები გეძებდიო, შენი და რომანის სიკეთე არ დამვიწყებია და ახლა გვარი რომ მოვისმინე გულმა მიგრძნო, შენ გიპოვეო. მთელი მომსახურე პერსონალი ტიროდა. უბედნიერესი ვიყავი, რომ სიკეთე არ იკარგება. დარიკომ სახლშიც დამპატიჟა და სიამოვნებით გავიცანი მისი უკვე გაზრდილი და დაქალიშვილებული გოგო. ბატონი რომანის ნახვაც ერთად გადავწყვიტეთ. სანამ რომან გვენცაძეს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნიდნენ, რამდენიმე დღით ადრე მივაკითხე, მდივანმა მითხრა, ძალიან ცუდ ხასიათზეა არავის იღებსო, ეტყობა ჩემი ხმა იცნო და ნესტან გამოსძახა, შემოვიდეს ნინიჩკაო... პირველად ვნახე ბავშვივით ატირებული გენერალი. დღეს ნინიჩკა კაცი მოკლესო, კაციო... ვინ ბატონო რომან? - ვიკითხე. დღეს კანონიერი ქურდი პაატა ჩლაიძე მოკლესო. დავიბენი, კი გავიფიქრე ქურდს პოლიციის გენერალი როგორ ტირის-თქო... თითქოს ამოიკითხა ჩემი აზრები, ისე მიპასუხა. ნინიჩკა, შვილო, მას ჩემი სისხლი გადავუსხი, როცა დავაკავე დაჭრილიო, შემდეგ ციხიდან წერილებს მწერდა, შვილიც მოვუნათლეო. ის ჩემთვის ქურდი კი არა, კაცი იყო, რომელსაც ჩემი სისხლი ჰქონდაო. რამდენიმე დღის მერე მისი მძღოლი მიყვებოდა, გვიან ღამით მიმიყვანა კამოს ქუჩაზე, იქ სადაც პაატა ცხოვრობდაო, გადმოვიდა, მანქანიდან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, ბოლთას ცემდა მტკვრის სანაპიროზე და თან პაატას ფანჯრებს უყურებდა, იქ გაათენა...
ბატონო რომან, ერთი კვირის წინ თქვენი უსაყვარლესი მეგობარი ბორია ივანოვი გარდაიცვალა მოსკოვში, ვერ გავაცილეთ... დღეს თქვენ, ვერც მე გაცილებთ... მსუბუქი იყოს თქვენთვის ნარიყალას მიწა... წავიდა, წავიდა კაცი ლეგენდა! მშვიდობით რომან ლევანიჩ!" - წერს ჯღარკავა.