logo_geo
eng_logo
ვაჟა ლელუაშვილის გარდა, პროკურატურამ ამავე საქმეზე კიდევ 6 პირი მისცა პასუხისგებაში
- +

11 აპრილი. 2016. 17:41



პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შექმნისა და შენახვის ბრალდებით პროკურატურამ გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.



ამ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას მოადგილე ვასილ, იგივე ვაჟა ლელუაშვილი სახელდება. ლელუაშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის არჩევნებიდან მალევე დააკავეს. მაშინ მას კომპიუტერული ვირუსის მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტების არასანქცირებულ მოსმენას ედავებოდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლელუაშვილი პოლიტიკოსებსა და სხვა ცნობის სახეებს არა მხოლოდ უსმენდა, არამედ საძინებელშიც უთვალთვალებდა.


„პრაიმტაიმის"ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოძიება ქვეყნის მასშტაბით არაერთი სასტუმროს საქმიანობით დაინტერესდა. მედიაში მხოლოდ სასტუმრო „ბაზალეთის" სახელი გაჟღერდა, თუმცა „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სხვა არაერთი ასეთი ობიექტის თანამშრომლებიც დაჰკითხეს.


ვაჟა ლელუაშვილის გარდა, პროკურატურამ ამავე საქმეზე კიდევ 6 პირი მისცა პასუხისგებაში. მათგან ერთ-ერთი - გივი კაციტაძე დათა ახალაიას უწყებაში (კუდ-ი) 2001-12 წლებში მუშაობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა.


რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს: დაკავებულთა შორისაა თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი. ამბობენ, რომ შიუკაშვილი ახალაიების ნდობით სარგებლობდა. თავად დათა ახალაიას უწყების მაღალჩინოსანი გახლდათ, მისი მეუღლე კი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედრო პოლიციის მთავარი ინსპექტორი იყო. მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, რევაზ შიუკაშვილი თბილისის კუდ-იდ უფროსის თანამდებობიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დააწინაურეს.


ამავე დღეს, 2012 წლის 8 ივლისს დაწინაურდა კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ყიფშიძეც, რომელიც, ასევე ბაჩო ახალაიას ახლო მეგობარი გახლდათ, თუმცა რატომღაც მას „პატარა ვანოს" მეტსახელით უფრო იცნობდნენ. ირაკლი ყიფშიძეს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ძველი თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა, თუმცა ახალაიას მინისტრობის დროს მას თბილისის მთავარი სამმართველო ჩააბარეს.


ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი ბრალდებული - ზურაბ პავლიაშვილი, რომელიც მოგვიანებით კუდ-ის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მისი სახელი ფიგურირებს ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ოჯახისთვის 40-ათასლარიანი ავტომობილის უკანონო ჩამორთმევაში. პავლიაშვილის გვარმა გაიჟღერა 2009 წელს ოპოზიციური აქტივისტის , ანზორ მეზვრიშვილისთვის ნარკოტიკის ჩადებისა და ამ მოტივით მისი დაპატიმრების საქმეშიც.



პროკურორის მიერ, ასევე დაკავებულია პავლიაშვილის მოადგილე გიგლა შიოშვილი. შიოშვილის სახელი ფიგურირებს ოპოზიციური მოძრაობა „სახალხო კრების" აქტივისტების დაკავების საქმეში. „სახალხო კრების" წამომადგენელი ლაშა ამირეჯიბი იხსენებს, რომ მათ აქტივისტებს ვასიკო გოგოლაძესა და ზაურ მაკარაძეს გიგლა შიოშვილმა ერთი და იგივე იარაღი ჩაუდო და გლდანის ციხეში გაისტუმრა. ამირეჯიბის ინფორმაციითვე, 2014 წელს შიოშვილი მოლოდნელად ქვემო ქართლში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ, გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსად. მაშინ გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გახლდათ, მისი მოადგილე კი - „სახალხო კრების" ყოფილი წარმომადგენელი თემურ მურღულია. გიგლა შიოშვილის მამა წლების განმავლობაში, ასევე ძალოვან უწყებაში მუშაობდა. ჯერ კიდევ 1996 წელს ედუარდ შევარდნაძემ გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა. ეს მაშინ, როდესაც ანზორ შიოშვილი შსს არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner