logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინი მუქარიდან „საქმეზე“ გადადის – პენტაგონი უკანასკნელი გაფრთხილებით პასუხობს
- +

16 აგვისტო. 2017. 02:16


წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის საკითხი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორეის სახალხო არმიის გენერლებთან დღეს განიხილა.


ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


არსებული მონაცემებით, კიმ ჩენ ინმა არმიის შტაბის ინსპექტირება განახორციელა, რომლის ფარგლებშიც გუამზე სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნა შეამოწმა.


პენტაგონის შეფმა ჯეიმს მეტისმა, მეტსახელად „ცოფიანმა ძაღლმა", გუშინ განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან ამერიკის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში „ომის დაწყებას" ნიშნავს.


„თუ ისინი (ჩრდილოეთ კორეა) აშშ-ს ესვრიან, ეს ომამდე მიგვიყვანს", - განუცხადა მეტისმა ჟურნალისტებს.


მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა გუამის მიმართულებით გაისვრის რაკეტას, მისი ტრაექტორია რამდენიმე წამში გამოითვლება და განეიტრალდება. „მსოფლიოში ვერავინ ესვრის ადამიანებს, თუ არ უნდათ, შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადონ", - განაცხადა მეტისმა.


ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული ვითარების მშვიდობიანი გზით გადაჭრის ინიციატივით გამოდის ევროკავშირი, რომელიც ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისივე თქმით, "ევროკავშირი ემხრობა პარტნიორებთან ერთობლივ დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება ჩრდილოეთ კორეის კრიწისის მშვიდობიანი, არასამხედრო გზით მოგვარებისკენ".


ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უმწვავეს ფაზაში შევიდა, დუმილს ირჩევს ოფიციალური მოსკოვი. ამ მომენტამდე კრემლის ლიდერებს თემაზე განცხადებები არ გაუკეთებიათ.


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშს არ გამორიცხავს. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის სიტუაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა. 5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner