საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ კამპანია „ეს შენ გეხებას" მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას უფრო გულისხმობს, ვიდრე რეალური შედეგის მიღწევას.
„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა და ამ მიმართულებით აბსოლუტურ ქაოსში შექმნა სისტემა, რომელიც მოქალაქის პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვფიქრობ, წინადადებები, რომელიც ითვალისწინებს საშუალებების პროვაიდერებისთვის გადაცემას, არათუ არაფექტური იქნება, არამედ უპირისპირდება იმ გამოწვევებს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს დამატებით ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას მოითხოვს და თუ ასეთები არსებობენ, პროკურატურა მზადაა, ყველასთან ითანამშრომლოს.
„არის საკითხები, რომლებზეც პროკურატურა ეფექტურად მუშაობს. ყველა საკითხზე დამატებითი საგამოძიებო მექანიზმების შექმნა მოითხოვს დამატებით ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას და თუ ასეთები არსებობენ, პროკურატურა მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან. დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა ხშირ შემთხვევაში უკავშირდება უნდობლობას იმ სტრუქტურებისადმი და, საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას უფრო გულისხმობს, ვიდრე რეალური შედეგის მიღწევას", - განაცხადა ვოლსკიმ.
კამპანიის წევრები დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნისა და მისთვის სამართლებრივი დევნის ფუნქციის მინიჭების ინიციატივით გამოდიან.