logo_geo
eng_logo
გარიყულას კოშკის აღდგენა დაიწყო
- +

17 აგვისტო. 2017. 01:36



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თი-ბი-სი ბანკის" მხარდაჭერით, „არტ-ვილა გარიყულას" კოშკის აღდგენა დაიწყო.


„თი-ბი-სი ბანკის" ინფორმაციით, პროექტის მიზანია „არტ-ვილა გარიყულას" ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის - კოშკის როტონდის გამაგრება და მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება. ამის შემდგომ, როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება - სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა.


„არტ-ვილა გარიყულა", წარსულში - ბოლგარკიაანთ სასახელე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა. ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ეროვნულ არქივში. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და უკვე არარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდა მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა-პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. 80-იან წლებში გავერანებულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ. ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები.


დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის „თი-ბი-სი ბანკის" მხარდაჭერით.


ბანკის ინფორმაციით, დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას. ეს არის ის მინიმუმი, რაც სასახლის ამ სახასიათო არქიტექტურული დეტალის წესრიგში მოყვანას სჭირდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner