მიდიხართ ქუჩაში, ან ორღობეში, უბანში თქვენთვის, ჩაფიქრებული, არავინ იცის, რა გიტრიალებთ გულში... მიდიხართ და მიერეკებით გონებაში საკუთარ ქარავანს. არ შეგეშინდეთ, გამაგრდით, შეიძლება საიდანღაც უცებ ზალა უდუმაშვილი, ან ნიკანორ მელია გადმოგიხტეთ. მათ აუცილებლად ხელი ექნებათ გამოშვერილი ლენინივით. აუცილებლად გამოიწევენ ჩამოსართმევად. იქვე იქნება ჩასაფრებული ფოტოგრაფი, რომელიც მათი ხელების ყოველ ჩამორთმევას აფიქსირებს. ამ ხელების ჩამორთმევას მერე ატვირთავენ სოციალურ ქსელებში და იტყვიან, რომ მხარს უჭერთ. საერთოდ აღარ გამოჩნდება, რომ იძულებით გაუღიმეთ და გამოწვდილ ხელზე უარი ვეღარ უთხარით.
ზალას და მელიას „პრივიჩკად" ექცათ უკვე, სადაც ვინმეს დაინახავენ, ეგრევე ხელი აქვთ გაწვდილი. თავიდან პიარი იყო ეგეთი, ანუ სცენარი, მერე და მერე ისე მიეჩვივნენ, ავადმყოფობაში გადაეზარდათ. ეგრე დაემართა საცოდავ ლენინსაც, თავიდან პიარის გამო აკეთებდა, მერე კი დარჩა გაწვდილი ხელი ჰაერში. ისე მოკვდა, ვეღარ მოუხარეს. ეხლაც გაწვდილი აქვს.
არა, მსგავსება მინახავს, როგორ არა, მაგრამ ადამიანები თავიანთი წინაპრების ასლებად ქცეულიყვნენ, პირველად ვხედავ. რაღა ამაში დაემსგავსნენ კომუნისტებს ეს ნეოკომკავშირელები, რა უბედურებაა?
მოკლედ, მაინც ფრთხილად იყავით, გამოშვერილი ხელი საშიშია, შეიძლება თითები პირდაპირ თვალებში გატაკონ. მოერიდეთ, როცა ეგენი იკრიჭებიან ყველის ვაჭრებივით, ნუ აჰყვებით, თორემ მართლა ეგონებათ, რომ მხარს უჭერთ და მერე დაიწყებენ, არიქა, გაგვიყალბესო, აგერ, ფოტოები გვაქვსო, მა ხელი რო გავუწოდეთ, ტყუილად ჩამოგვართვესო?!
ეეეჰ... საცოდავი ლენინიც ეგრე დადიოდა ხელგაშვერილი!
გელა ზედელაშვილი