არ შერიგდება
ეშმაკთან ღმერთი,
არ შერიგდება
მგელთან ცხოვარი...
ვხედავ სამშობლოს,
ცრემლად დაღვენთილს,
უცხოა ხალხი,
ცაც უცხო არი!
დემოკრატიის
ნიღბით მოსული
კვლავ სატანაზე
არის ორსული...
მტკივა ჩოხაზე
გარდამოსული
სისხლი აფხაზთა,
სისხლი ოსური!
მითხარით,
ახლა სად აურია,
ვინც ქართლის ბედში
ხელი ურია,
ვინც ბუღა-თურქის
გახდა მურია,
ვინც გამიყიდა
დიოსკურია?
არ შერიგდება
ეშმაკთან ღმერთი,
არ შერიგდება
მგელთან ცხოვარი...
მოდის ეპოქა -
გულის გამხეთქი,
ქონდრისკაცების -
გასათხოვარის.
ტაძარში ისევ
აიღეს ვერცხლი -
ფასი ღალატის,
ფასი სამსალის...
მომკალით, რადგან
სამშობლოს ვერ ვცვლი,
სამოთხეს მიჯობს
კლდეები სალი!
იმერს და ამერს
ემთხვევა მთვარე -
ნამგალა ტუჩი
უფლის ხელადის...
მე ვარსკვლავები
უკვე დავთვალე
და ახლა გუმბათს
ვუმზერ გელათის!
2017 წლის 12 აგვისტო. დიდგორობა