logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე: ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება
- +

17 აგვისტო. 2017. 16:46



2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა" ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, BATUMI MusicFest-ს გამართავს. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ესტუმრებიან. ფესტივალი, რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია, წელს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. რა სიახლეები ელით მსმენელებს, როგორია ღონისძიებების პროგრამა და რა შესაძლებლობებს მისცემს ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.

 

- ქალბატონო ელისო, წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა პირველად საქართველოს ფესტივალების ისტორიაში, იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანების გაერთიანება მშვიდობის იდეის ირგვლივ და რა როლს ითამაშებს ამ მიმართულებით ბათუმის ფესტივალი?


- მოხარული ვარ, რომ საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, ფესტივალი წელს იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივ პროექტს. მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო მისიებს და საელჩოებს საქართველოში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფესტივალთან. ფესტივალზე მოწვეულნი არიან უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები. როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტს, მჯერა, რომ მუსიკის ენით შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების გაერთიანება მშვიდობის იდეის ირგვლივ, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის.

 

- ფესტივალის პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანია. ვინ წარსდგება მეხუთე საიუბილეო წელს მსმენელების წინაშე?

 

- ფესტივალის პირველ დღეს, 2 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელების წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარსდგება. დირიჟორ დავით მუქერიას ხელმძღვანელობით შესრულდება ვაგნერის, სენ-სანსისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. ამ დღეს ჩემთან ერთად სოლისტი ალექს ჩაუშიანი (ვიოლონჩელო) იქნება. მომდევნო დღეებში მსმენელების წინაშე წარსდგებიან ლისტის კამერული ორკესტრი, ნატანაელ გუინი (ფორტეპიანო), გაიმართება საფორტეპიანო საღამო პიეტრო დე მარიას (იტალია) მონაწილეობით, სადაც შესრულდება შოპენის, ლიგეტის, ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებები. ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან სოლისტები ალექსანდრა მასალევა (ფორტეპიანო), ანა ყიფიანი (ფორტეპიანო), დავით ალადაშვილი (ფორტეპიანო). ფესტივალის ბოლო დღეს, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის გალა კონცერტი მოეწყობა.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი მიშელ სონი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, 5 სექტემბერს ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება, მსმენელების წინაშე ანსამბლი „ქართული ხმები" წარდგება, კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლის, გოგი დოლიძის ხსოვნას მიეძღვნება. 6 სექტემბერს კი მსახიობ მურმან ჯინორიასთან შეხვედრა მოეწყობა.

 

- ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. რა ტიპის აქტივობები იმართება წელს ამ მიმართულებით?


- მასტერკლასების ფორმატში საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციური მეთოდებით ინტეგრირება ხდება, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ. 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

 

- თუ შეიძლება, უფრო ვრცლად ვისაუბროთ, როგორ შეიძლება დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მიღება მოახერხოს?

 

- 7 სექტემბერს, ბათუმის ფესტივალი აწყობს კონკურსს პიანისტებისთვის ორ კატეგორიაში: 7-10 წელი და 11-15 წელი. პროგრამა მოიცავს მაქსიმუმ 12 წუთს, აქედან 3 წუთი თითოეულმა მონაწილემ უნდა დაუთმოს სპეციალურ დიდაქტიკურ ნაწარმოებს. ნოტების გადმოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან. დანარჩენი 9-10 წუთი მონაწილეს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ნაწარმოებები, ან ნაწარმოები. მსურველებს ვთხოვთ გამოაგზავნონ მონაწილის სახელი, გვარი, ასაკი და პროგრამა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lyrafondation@yahoo.com ან დარეკონ მასტერკლასების საკოორდინაციო განყოფილებაში: რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორია, ფონდ „ლირას" პროგრამების ხელმძღვანელი ქეთევან ცხომელიძე 599 93 77 01, ბათუმის ფესტივალის მასტერკლასების და არტ-კამპის კოორდინატორია მარინა ლობჟანიძე 599 07 10 07. საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის მიერ დაწესებულია სპეციალური პრიზები კონკურსში გამარჯვებულთათვის: 1 კატეგორია, 7-10 წელი - 1 პრემია 1000 ლარი, მე-2 პრემია 600 ლარი, მე-3 პრემია 400 ლარი; 2 კატეგორია, 11-15 წელი - 1 პრემია 1200 ლარი, მე-2 პრემია 700 ლარი, მე-3 პრემია 500 ლარი. ჟიურის წევრები არიან: მიშელ სონი, გიორგი ქორქაძე, ნატალია ნაცვლიშვილი, ირინა ხერში, ინგა ბოცვაძე.

 

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მუსიკალური არტ-ბანაკის შექმნა. რას სთავაზობთ მონაწილეებს და ვინ უხელმძღვანელებს პროგრამას?

 

- წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა განხორციელდეს ფესტივალის ფარგლებში არტ-კამპის პროგრამა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. 13-15 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური ტრენინგები მათი ზოგადი კულტურის და ცნობიერების ასამაღლებლად. 150 მოწაფისთვის ტრენინგები ჩატარდება 3,4,5,6 და 8 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სალიბაურის საჯარო სკოლაში, 10:00-დან 12:00 საათამდე. მეორე ნაკადისთვის, რომელიც ასევე 150 მოწაფეს მოიცავს, იმავე პროგრამით ბათუმის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში, 17:00-დან 18:30 საათამდე. ტრენინგების პარალელურად ისინი ყოველ საღამოს დაესწრებიან ფესტივალის მიერ ორგანიზებულ კონცერტებს. პროგრამას წარუძღვება მუსიკათმცოდნე, ქალბატონი მარინა ლობჟანიძე, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია აღნიშნული მიმართულებით და აქვს შემუშავებული ვიზუალსა და სმენაზე აგებული სწავლების სისტემა.

 

- როგორც ჩანს, ფესტივალი დამწყები ხელოვანების ხელშესაწყობად წელსაც არა ერთ აქტივობას გეგმავს.

 

- ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი - მომავლის მუსიკოსების აღმოჩენაა და მათი ნიჭის წარმოსაჩენად მნიშვნელოვან ტრამპლინს წარმოადგენს. ასევე, ფესტივალის მიზანია საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ზოგადად ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სპეციალურად შემუშავებული სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ბათუმის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ გარემოს შეუქმნის. გელით ბათუმში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner