logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა
- +

17 აგვისტო. 2017. 19:00



17 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა და ჩილეში მოპოვებული წარმატება მიულოცა.


საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 9-13 აგვისტოს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (-73კგ) ჩემპიონი გახდა, სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ) და ლუკა კაპანაძემ (-55კგ) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (-63კგ) - ბრინჯაო.


გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ნაკრებმაც. ძიუდოს ისტორიაში პირველად, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდებით გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი 4:3 დაამარცხა.საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მერვედფინალში იტალიას 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში ურთულესი შეხვედრა მოუგეს იაპონიას 4:4 (32:25 ქულებით), როდესაც 0:3 ჩამორჩენის შემდეგ შეძლეს წონასწორობის აღდგენა და გამარჯვება, ნახევარფინალური დაპირისპირება კი მომავალ ჩემპიონ, რუსეთის ნაკრებთან 2:6 დათმეს.


გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსი სვიანიძე, ლევან ჭელიძე, ეკატერინე ტატუნაშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი. გუნდური ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის ნაკრებმა ბრაზილია 5:3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი საქართველოსთან ერთად, იაპონიის ნაკრებმაც მოიპოვა, იაპონელებმა საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკეთს 8:0 სძლიეს.


ჯამში, საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჯამში 18 ნაკრებმა მიიღო, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მედლებისთვის მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 სპორტსმენი იბრძოდა.


მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სანტიაგო (ჩილე)


9-13 აგვისტო 2017


ოქრო - ლაშა ბექაური (-73კგ)

ვერცხლი - სოფიო სომხიშვილი (+70 კგ)

ვერცხლი - ლუკა კაპანაძე (-55კგ)

ბრინჯაო - მარიამ ჭანტურია (-63კგ)

ბრინჯაო - გუნდური




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner