logo_geo
eng_logo
კინემატოგრაფიის „ყველაზე ელეგანტური რეჟისორის“ ყველაზე „ლირიული კომედია“
- +

11 აპრილი. 2016. 21:46



ძალიან დილა მშვიდობისა!


მიუხედავად წვიმიანი ამინდისა დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ანუ „პატარა პარიზში", როგორც მას საბჭოთა კავშირის დროს ეძახდნენ, „მზე ელეგანტური, ძალიან ფრანგული ჰკიდია" და, იცით, რატომ?


იმიტომ, რომ ზუსტად 52 წლის წინ, 1964 წლის 11 აპრილს გამოვიდა ჩვენი საოცარი და საყვარელი ადამიანის, როგორც მას დიდი ტონინო გუერა უწოდებდა, „ყველაზე ელეგანტური კაცის, ვინც კი მას კინემატოგრაფიაში შეხვედრია", გიორგი დანელიას მესამე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი Я шагаю по Москве, რომელმაც განსაკუთრებული წარმატება მოუტანა...


...და შეიკრა ინტერნაციონალურ-ლოგიკური ოთხკუთხედი: „თბილისი-პარიზი-მოსკოვი-სანტარქანჯელო დი-რომანია" (ბოლო წახნაგი - ტონინო გუერას დაბადების ადგილია).


ბატონი გიორგის ფილმები იმდენად ცნობილია და თითოეული მათგანი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მინდა გამოგიტყდეთ, ჩამოთვლა რომ დავიწყე, რამდენჯერმე გადავამოწმე, ხომ არ მეშლება-მეთქი... ხომ მართლა ყველა მისია?.. „არ დაიდარდო", „იღბლიანი ჯენტლმენები", „აფონია", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „პასპორტი", „ქინ-ძა-ძა"... ყველა მიყვარს. მაგრამ ფილმს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, განსაკუთრებული გულწრფელობა და სისადავე ახასიათებს... ალბათ, როგორც შავ-თეთრ ფოტოს ფერადთან შედარებით...



...60-იანი წლების მოსკოვი, რომლის ზემოდან გადასაღები კადრებისთვის მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე ასასვლელად სპეციალური საშვები იყო საჭირო, რომელშიც იდგა გაზიანი წყლების აპარატები, 1- და 3-კაპიკიანი ონკანებით და თლილი ჭიქებით, რომლებსაც ეზოში სამ-სამად შეკრებილი ლოთებიც კი არ იპარავდენენ... სადაც „ბაბუშკებს" რომ ჰკითხავდი გზას, არ ეზარებოდათ და ბოლომდე გაცილებდნენ...


ფილმ Я шагаю по Москве-ს ისტორია, ბატონი გიორგის მონაყოლით, დაიწყო იმით, რომ მასთან შამპანურით ხელში მივიდა სცენარისტი გიორგი შპალიკოვი და შესთავაზა ასეთი სიუჟეტი მომავალი სცენარიდან - „წვიმს... შუა ქუჩაზე მოდის ლამაზი გოგო, ფეხშიშველა, მას მოჰყვება ველოსიპედისტი, რომელიც ცდილობს ქოლგა შეაშველოს... გოგო ქოლგას იცილებს...


„მოგწონს?" - შეეკითხა შპალიკოვი დანელიას. ბატონ გიორგის მოეწონა და დაიწყეს ფილმის გადაღება, რომლის სცენარი ადგილზევე იქმნებოდა... ალბათ, სწორედ ასეთი მუდმივი იმპროვიზაციის გამოც, ფილმი ასეთი სადა და ბუნებრივი გამოვიდა...


რაც შეეხება წვიმის სცენას, მასში ქოლგიანი ბიჭის როლს ასრულებდა შემდგომში ცნობილი კინოვარსკვლავი ოლეგ ვიდოვი, რომელიც იმდენად უცნობი იყო იმ პერიოდში, რომ ტიტრებში მისი სახელის შეტანაც კი დაავიწყდათ... ფეხშიშველა გოგოს როლის შემსრულებლის ისტორია კი მართლაც საოცარი იყო... დანელიას თქმით, მის როლს ასრულებდა 3 ქალბატონი - „ორი ქერათმიანი და ერთი ჟურნალისტი". ანუ, სუბიექტური მიზეზების გამო პირველი ორიდან ვერც ერთმა ვერ დაასრულა სცენა ბოლომდე და ფინალში დანელიამ მასთან ინტერვიუზე შემთხვევით მისული ჟურნალისტი გადაიღო... ასე რომ ეს ფილმი იმითაც გახდა უნიკალური, რომ კინოს ისტორიაში პირველად და, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ეპიზოდურ როლში მონაწილე მსახიობს ორი დუბლიორი ჰყავდა!


მთავარ როლზე დაამტკიცეს 18 წლის ნიკიტა მიხალკოვი, რომლისთვისაც ეს ფილმი გახდა სამსახიობო კარიერის დასაწყისი. ბატონი გიორგი იხსენებს, რომ სადღაც ფილმის შუაში მასთან მივიდა ნიკიტა და გამოუცხადა, რომ თუ მის დღიურ ჰონორარს 8 რუბლიდან 25 რუბლამდე არ გაზრდიდნენ, ის ფილმში გადაღებაზე უარს იტყოდა. რაზეც ბატონმა გიორგიმ წყნარად უპასუხა, რომ ის ახალ მსახიობს მოძებნიდა. ნიკიტა თითქმის ცრემლებამდე მიიყვანა რეჟისორის ამ გადაწყვეტილებამ, მან ბოდიში მოიხადა და გამოტყდა, რომ ეს მას უფროსმა ძმამ ანდრონმა ასწავლა (ანდრეი კონჩალოვსკი, ცნობილი რეჟისორი). 


ქალის მთავარი როლის შემსრულებლად შეარჩიეს იმ დროისთვის ცნობილი მსახიობი ნატალია სელეზნიოვა, უკვე გადაიღეს რამდენიმე კადრი, მაგრამ როცა რეჟისორის თანაშემწემ გადასაღებ მოედანზე გალინა პოლსკიხი მიიყვანა, ყველამ ერთხმად არჩევანი მასზე შეაჩერა...


ცალკე ყურადღებას იმსახურებს ცნობილი სიმღერა А я иду, шагаю по Москве, რომელიც 60-იანი წლების ნამდვილ შლაგერად იქცა და, შეიძლება ითქვას, იმ დროს Подмосковные вечера-საც კი არ ჩამოუვარდებოდა პოპულარობით. კომპოზიტორმა ანდრეი პეტროვმა მუსიკა წინასწარ დაწერა, მაგრამ სცენარისტი შპალიკოვი ვერაფრით ვერ იგონებდა სიტყვებს მანამ, სანამ ხელფასის დღეს, „პახმელიაზე" მყოფს, დანელია არ დაემუქრა, რომ არ წაიყვანდა რესტორანში, სანამ ის სიმღერის ტექსტს არ ჩააბარებდა... და შპალიკოვმა ერთ საათში ტექსტი მოამზადა, თანაც ყოველ სტროფს დანელიასთან ათანხმებდა.


საინტერესოა, რომ თავიდან სიმღერაში იყო სტროფი:


Над лодкой белый


Парус распушу,


Пока не знаю где,


А если я по дому загрущу,


Под снегом я фиалку отыщу


И вспомню о Москве!


ფილმის განხილვისას მკაცრმა კომისიამ გაკვირვებით იკითხა, თუ რას ნიშნავდა Пока не знаю где? „მთავარი გმირი საბჭოთა კავშირის მიტოვებას აპირებდა და ისრაელში წასვლას თუ აშშ-ში"? ამიტომაც Пока не знаю где შეცვალეს, Пока не знаю с кем-ით. თუმცა, მე თუ მკითხავთ, უფრო ამორალურია, არ იცოდე ვისთან გაშლი ბედის თეთრ აფრას, ვიდრე ის, თუ სად გაშლი...


გარდა ამისა, კომისიამ დანელიას დაუსვა შეკითხვა: „რაზეა ეს ფილმი?" დანელიამ უპასუხა: „ეს კომედიაა" (რადგან კომედია შეიძლებოდა ყოფილიყო „არაფერზე")... მაშინ კომისიას შემდეგი შეკითხვა გაუჩნდა - „თუ კომედიაა, სასაცილო რატომ არ არის?!" დანელიამ  დაუფიქრებლად უპასუხა, „იმიტომ, რომ ლირიული კომედიაა". კომისია დაიბნა, მაგრამ მიიღო ფილმი იმ პირობით, თუ ეს ტიტრებში იქნებოდა დაფიქსირებული... ასე გახდა გიორგი დანელია კონემატოგრაფიის ახალი ჟანრის „ლირიული კომედიის" ფუძემდებელი.


სხვათა შორის, ფილმში „იღბლიანი ჯენტლმენები" ბატონმა გიორგიმ ეს ცხოვრებისეული ეპიზოდი „გაითამაშა" და ტიტრებში მიუთითა: нелирическая комедия.


საინტერესოა ისიც, რომ მოსკოვის და, შესაბამისად, იმ დროისთვის მთელი საბჭოთა კავშირის მთავარი კინოთეატრი „როსია" 1964 წლის 11 აპრილს გაიხსნა სწორედ ამ ფილმით, რომელშიც გიორგი დანელია ასრულებდა ფეხსაცმლის მწმენდავის ეპიზოდურ როლს და, ვიდოვისა არ იყოს, მისი სახელიც არ იყო მოხსენიებული ტიტრებში...


მინდა დავასრულო ისევ ბატონი ტონინო გუერას სიტყვებით, რომელიც მან ბატონ გიორგის მიუძღვნა: „დანელია გვასწავლის ვიაროთ ყვავილებით მოფენილ ქუჩებში"...


მე კი გისურვებთ, სულ ყვავილებით მოფენილ გამზირებზე, ქუჩებში, მოედნებზე, შესახვევებში გევლოთ და ის იშვიათი ჩიხებიც, რომლებსაც შეეყრებით, რომელთა გარეშე, სამწუხაროდ, არც ერთი ქალაქი არ არსებობს, ასევე ყვავილებით მოფენილი გქონდეთ!

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner