logo_geo
eng_logo
იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ნივთი, რომლითაც შედევრები შეიქმნა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას
- +

18 აგვისტო. 2017. 17:08

 


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი უნიკალური ნივთი - იაკობ გოგებაშვილის სამელნე გადაეცა. სამელნე ეროვნული ბიბლიოთეკის დედაენის დარბაზში დაიდებს ბინას. ეს უნიკალური ნივთი ეროვნულ ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილის ძმის შთამომავალმა, ნუნუ მკურნალმა გადასცა.


როგორც „სითი კვირას"  ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, დარბაზში სამელნე იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოთეკასთან  ერთად განთავსდება.


ეროვნულ ბიბლიოთეკაში განმარტავენ,  რომ ბოლო პერიოდში ბიბლიოთეკაში დაცულ იშვიათ გამოცემებსა და ნივთებს არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა, რომელთა შორისაა დავით კაკაბაძის ნამუშევარი „ტერენტი გრანელი" პოეტის მინაწერით და არქანჯელო ლამბერტის „კოლხეთის აღწერა" კასტელის ილუსტრაციებით, რომელიც 1654 წელს ნეაპოლში გამოიცა.


ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ  გოგებაშვილი  1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა, რომელიც ქალაქ გორიდან 12-13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გოგებაშვილებს მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდათ: მამა - სიმონი, სოფელ ვარიანის მღვდელი, დედა - მაგდანა, კალმახელიძის ქალი, ექვსი ძმა და ორი და. სიმონს სურდა, შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. 8 წლის იყო, ქალაქ გორის სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად რომ ჩაიყვანეს, მაგრამ უფროსმა ძმამ, ივანემ, მცირეწლოვანებისა და სუსტი აგებულების გამო, გორში აღარ დატოვა და ერთი წლის შემდეგ პირდაპირ თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ადვილად ითვისებდა. თანატოლებს გამორჩეულად უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობასა და ლექსს უყვებოდა. იაკობს მამისგან სიმღერის ნიჭიც გამოჰყვა. ის, თურმე, დიდ დროს ატარებდა ბუნებაში და საათობით აკვირდებოდა ყვავილებს, ცხოველებს, მდინარის თევზებს.


1855 წელს იაკობმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. სემინარიაში სწავლისას განსაკუთრებით საქართველოს ისტორიამ და ლიტერატურამ დააინტერესა, ასევე, კითხულობდა და სწავლობდა კლასგარეშე ლიტერატურას. მამისა და სემინარიის ოფიციალური რეჟიმის შთაგონებით ერთხანს საეკლესიო სამსახურისთვისაც ემზადებოდა - საეკლესიო ისტორიისა და საღვთისმეტყველო წიგნებს კითხულობდა, მაგრამ სამეცნიერო განათლების მიღების შემდეგ სასულიერო კარიერაზე უარი თქვა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე დაიწყო ოცნება. 1861 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, უმაღლესი განათლების მისაღებად კიევის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა. ის წარჩინებული სტუდენტი გახლდათ და აკადემიაში სახელმწიფოს ხარჯზე სწავლობდა. რადგან აკადემიის პროფესორებს შორის გამოჩენილი მეცნიერები არ იყვნენ, ოფიციალური დისციპლინების სწავლასა და იმ პროფესორთა ლექციების მოსმენას კიევის უნივერსიტეტის გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებზე სიარული ამჯობინა.


მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა, მესამე კურსი მიეტოვებინა და 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.


1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებასაც კი კრძალავდნენ, არისტოკრატიას ქართულად დალაპარაკების რცხვენოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა. იმხანად ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინ ჩიოდა. სკოლაში მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ: მოსწავლეებს წკეპლით სცემდნენ და მუხლებზე აყენებდნენ.


იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ და სასწავლებელშიც მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა და სრულიად გააუქმა დასჯა.


1865 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", შემდეგ - „ბუნების კარი" (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), „დედა ენა" (1876). „დედა ენა" გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ - 25-ჯერ. „დედა ენას" „ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისთვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათიათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი „დედა ენა" და 5-6 ათასი „ბუნების კარი" იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ სასწავლებლის რევიზია მოახდინა. ამ პერიოდში იაკობი ავად იყო (ფილტვებიდან სისხლს აღებინებდა) და ამიტომ სასწავლებელში ვერ გამოცხადდა. ამით ისარგებლა სემინარიის ადმინისტრაციამ და კერსკის საიდუმლო მოხსენებაში დააწერინა, თითქოს იაკობ გოგებაშვილი თავის ბინაში აწყობდა ახალგაზრდობის ფარულ შეკრებებს, ბავშვებს აკითხებდა „უარყოფითი მიმართულების წიგნებს" და უნერგავდა ანტირელიგიურ შეხედულებებს. ეგ კი არა, შავრაზმელებს მისთვის სასწავლებლის თანხების გაფლანგვაც კი უნდოდათ დაებრალებინათ. საბოლოოდ, კერსკის რევიზიამ გაჭრა: ის „საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად" გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. მოხსნისთანავე ჩამოართვეს სახელმწიფო ბინაც.


იაკობ გოგებაშვილმა გადაწყვიტა, არასდროს დაბრუნებოდა სახელმწიფო სამსახურს, დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და დაიფიცა, ამიერიდან მთელ ჩემს სიცოცხლეს, ძალასა და ღონეს ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ამის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.


იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლით დიდ დახმარებას უწევდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". ერთხელ მთელი მიღებული თანხა - ცამეტი ათასი მანეთი მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იაკობის თანამედროვეები ამბობდნენ, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყოო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა არცერთი ეროვნული საქმე - ზეპირსიტყვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება, იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის იბრძოდა, იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ის მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის - შემდგომში გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორებმა: ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.


განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და საქმიანობას.


1912 წლის 12 აპრილს იაკობ გოგებაშვილი მძიმედ გახდა ავად. თბილისის საუკეთესო ექიმები მკურნალობდნენ, გარს მოწინავე ქართველი საზოგადოება და ნათესაობა ეხვია, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 1 ივნისს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თავისი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა ქართველ ხალხს უანდერძა.

იაკობ გოგებაშვილი დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს. 1940 წელს, დაბადების 100 წლისთავზე, დიდი ქართველის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.


მასალაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან ეპიზოდები გამოყენებულია ჟურნალ „გზადან".












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner