გამოცემა „Московский комсомолец" წერს, რომ 2008 წელს ბიზნესმენმა ბორის პეტროსიანმა დაიწყო კრემლის ქვეშ უდიდესი და ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრის გაკეთება, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მშენებლობა შეჩერდა, ბიზნესმენი კი საზღვარგარეთ გაიქცა. კონსტრუქცია კი წლების მერე უკვე საშიში გახდა და ძლივს იჭერს შენობას. იმ ადგილას, სადაც ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა, ბომჟებმა „ოთახებიც" კი მოიწყვეს და კრემლის ქვეშ ბომჟების ქალაქი დაარსდა, მაგრამ ახლა მათაც დატოვეს ეს ადგილი, რადგან შენობის ჩამოშლის საფრთხე გაიზარდა და „თავს უშველეს".
ცნობილმა მეცნიერმა, საპრეზიდენტო აკადემიის დოცენტმა სერგეი კარნაუხმა კრემლისქვეშეთში ჟურნალისტებისთვის ექსკურსია მოაწყო და პირველი ფოტოებიც გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, კრემლის ქვეშ სამი შესასვლელია და მიუხედავად იმისა, რომ მიწის ზევით კრემლს გაძლიერებული დაცვა ჰყავს, მიწის ქვეშ ის ღიაა და ნებისმიერი დივერსანტი ან ტერორისტი სწორედ აქედან მოხვდება მოსკოვის ნებისმიერ მეტროსადგურში.
-ამ ადგილის არსებობა მეც მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ბიზნესმენი პეტროსიანი გავიცანი, იმ დროს მას უკვე ჰქონდა მოსკოვის ცენტრში რამდენიმე მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრი. მისი კომპანია „სტარგრადი" იყო. პეტროსიანმა თავად მომიყვა ისტორია, რომელიც პირველად დაუჯერებლად მეჩვენა. მან მითხრა, რომ აპირებდა მიწისქვეშა სამფლობელოს გაფართოებას და ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი სწორედ კრემლის ქვეშ მოეწყობოდა. ამ დროს მის კომპანიას ისტორიული შენობის ქვეშ უკვე გათხრილი ჰქონდა 7000 კვადრატული მეტრი! იმისათვის, რომ ყურადღება არ მიექციათ, მუშები თხრიდნენ მძიმე ტექნიკის გარეშე, ნიჩბებით და ბარებით. სამშენებლო ნაგავიც ღამით ჩუმად გაჰქონდათ. ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული, სულ მალე შენობა 5 გრადუსით გადაიხარა, კვლევაში დიდი ჯგუფი ჩაერთო და საქმეც გასკდა. ბიზნესმენი საზღვარგარეთ გაიქცა. ამბობენ, უკანონო მშენებლობისთვის ფულს სესხად კრიმინალური ავტორიტეტებისგან იღებდა, რომელთაც ახლა საგულდაგულოდ ემალება.
მერე კრემლის მიწისქვეშა ადგილი არც ხელსუფლებას გახსენებია, ასე გავიდა წლები და დღეს რეალური საფრთხეა, კრემლი მიწისქვეშ აღმოჩნდეს", -უამბო ჟურნალისტებს მეცნიერმა.
ჟურნალისტებმა აქ ნახეს მიყრილი იარაღები, ბომჟების ნივთები, მუშების დატოვებული სპეცტანსაცმელი, რამდენიმე „ბინა", რომლის „მფლობელებმაც" სწორედ შენობის ჩამოშლის შიშით დატოვეს აქაურობა და უკვე გრუნტის ჩამოშლილი ნაწილი, რომელიც ნელ-ნელა ისევ განაგრძობს ჩაწოლას.
ასე რომ, კრემლი, შესაძლებელია ნებისმიერ წამს მიწისქვეშ აღმოჩნდეს.